თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აშშ გააგრძელებს ფრენებს შავი ზღვის თავზე, მიუხედავად რუსულ Су-27-თან ამერიკული დრონის ავიაინციდენტისა, განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ მისი მცდელობა, შეაჩეროს ან უარი ათქმევინოს შეერთებულ შტატებს შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენებზე, ამაოა და ეს არ მოხდება.
„ჩვენ ვაპირებთ კვლავაც განვაგრძოთ ფრენები და მუშაობა საერთაშორისო წყლების თავზე საჰაერო სივრცეში. შავი ზღვა არცერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. ვაპირებთ განვაგრძოთ იმის კეთება, რაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა საჭირო მსოფლიოს ამ ნაწილში“, — აღნიშნა კირბიმ.
როგორც მან განაცხადა, ამერიკული დრონებს შავი ზღვის რეგიონში ფრენებზე მოსკოვის ნებართვა არ სჭირდება.
„უკვე ერთი წელია გამუდმებით დავფრინავთ ამ საჰაერო სივრცეში. ფრენების წინ რუსეთის წინაშე რაიმე რეგისტრაციის გავლა არ გვჭირდება“, — თქვა კირბიმ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო კვირებში რუსულმა თვითმფრინავებმა სხვა ამერიკული დრონებიც ჩაიჭირეს, თუმცა ბოლო შემთხვევა „უნიკალურია, ვინაიდან რუსეთის ქმედებები მეტად სახიფათო, არაპროფესიონალური და უგუნური იყო“.
კირბის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთთან დაკავშირებას აპირებს, რათა „პირდაპირ და მკაფიოდ“ გააცნოს თავისი პოზიცია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშაბათს რუსულმა გამანადგურებელმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი დრონი MQ-9 ჩამოაგდო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდა. როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რუსული გამანადგურებელი ამერიკული დრონის გვერდით დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში დაფრინავდა, შემდეგ კი შეეჯახა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 14 მარტის დილით ამერიკულმა MQ-9-მ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცე დაარღვია. დრონის იდენტიფიკაციისთვის, რომელიც რუსეთის საზღვრისკენ მოძრაობდა, რუსეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწია. უპილოტო საფრენმა აპარატმა კი, მკვეთრი მანევრირების გამო, უმართავი ფრენა დაიწყო და წყალში ჩავარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რუსულ გამანადგურებლებს MQ-9-ს წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ.
წყარო: CNN