თეა წულუკიანი: სააკაშვილი არის კრიმინალი და არა პოლიტპატიმარი

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს
Sputnik
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის არა პოლიტპატიმარი, არამედ კრიმინალი, რომელიც სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
ასე გამოეხმაურა წულუკიანი ევროპარლამენტში დაგეგმილ სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის საკითხის განხილვას. მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს 27 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.
„სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და, ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, თუ სხვა ქვეყნის დეპუტატი თვლის სხვაგვარად, ესე იგი მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამარცხვინო უწოდა ევროპარლამენტის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში მიღებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციას.
რეზოლუციაში საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. დოკუმენტს ევროპარლამენტის 577-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო 33, ხოლო თავი შეიკავა 26-მა დეპუტატმა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად".
ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.