მამაკაცს მეზობლის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა

ბრალდებული წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირია.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში მეზობლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა შეუფარდა.
ამავე სისხლის სამართლის საქმეში კიდევ ერთ ბრალდებულს, რომელსაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების მონაცემებით, 2022 წლის 16 ივნისს ბრალდებულმა ქუთაისში კონფლიქტის დროს თავისი მეზობელი ბავშვების თანდასწრებით სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეორე ბრალდებული, რომელმაც პოლიციას განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2022 წლის 19 ივნისს დააკავეს და ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და მუქარის მუხლებით წარუდგინეს.
როგორც უფრო ადრე შსს-ში განაცხადეს, 37 წლის ბრალდებული ადრე არაერთხელ არის ნასამართლევი. მსხვერპლი 43 წლის იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს