გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ისტორიულ შედეგს მიაღწია

„ტენერიფე“ 15 მოგებითა და 6 წაგებით ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ესპანეთის „ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი იანვრის თვეში ჩემპიონატის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ მე-11-ედ დასახელდა, ის პირველი ლეგიონერი გახდა, რომელმაც MVP-ს ჯილდო ათზე მეტჯერ მიიღო.
MVP არის ტიტული, რომელიც ყოველთვიურად ენიჭება ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ღირებულ მოთამაშეს (Liga Endesa). ასევე დგინდება ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ყოველი მატჩის, ტურის შემდეგ და მთელი სეზონის ბოლოს.
შერმადინმა MVP-ს ტიტული იანვარში მოიპოვა. ჯილდო ქართველ კალათბურთელს ბადალონას „ჰუვენტუდასთან“ მატჩის დროს გადაეცა. შერმადინის კლუბმა მეტოქე იოლად დაამარცხა - 85:68.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, სადაც 19 ქულა, შვიდი მოხსნა და ერთი დაფარება შეასრულა. შერმადინმა ასევე შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ათიდან ცხრა საჯარიმო შეასრულა. შერმადინის თამაში ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესოდ აღიარეს და ის ასევე მატჩის MVP დამსახურებულად გახდა.
„ტენერიფე“ 15 მოგებით და 6 წაგებით ესპანეთის ლიგაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩი 18 მარტს, სტუმრად, „ობრადორიოს“ წინააღმდეგ გაიმართება.