ავარიული კორპუსების ჩანაცვლება რუსთავში: რამდენი დაიხარჯება პროექტზე

რუსთავის მერია უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს ტენდერს და გამოავლენს კომპანიას, რომელიც ქალაქში ავარიულ სახლებს მიხედავს.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. მიმდინარე წელს რუსთავში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტზე 4 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
ლაცაბიძის ინფორმაციით, პროექტი სრულად მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსით განხორციელდება.
„რუსთავში ავარიული კორპუსების პრობლემაა გამოკვეთილი, განსაკუთრებით ეს ეხება ძველ რუსთავს. ახლა გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, კიდევ ვგეგმავთ 5 კორპუსის ჩანაცვლებას და დაახლოებით 4 მლნ ლარის გადახდას იმაში, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უსაფრთხო გარემოში იცხოვროს“, - განაცხადა რუსთავის მერმა.
როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, კერძო სექტორის მხრიდან რუსთავში შეიძლება დაინტერესება იმდენად დიდი არ იყოს, როგორც ეს მოდელი მუშაობს თბილისში.
„ჩვენ ამ ეტაპზე სრულად მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ვახორციელებთ ამ პროექტს, თუმცა განიხილება და ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო მოქნილი მეთოდი შევთავაზოთ მოსახლეობას“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რამდენიმე კორპუსის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე მომზადებულია დოკუმენტაცია 5 ახალ კორპუსზე, რომელზეც უახლოეს მომავალში სატენდერო პროცედურები დაიწყება.