თბილისი, 11 მარტი – Sputnik. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
არჩევნები 29 აპრილს 164 უბანზე გაიმართება. კონკრეტული რაიონების მოსახლეობა აირჩევს საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს და ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მერებს.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1.312 ვაკანტურ ადგილზე სულ 1.347 განაცხადი დარეგისტრირდა, საიდანაც 171 განაცხადი ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით არის წარდგენილო.
კანდიდატთა საერთო რიცხვიდან 77,13% ქალია.
თითოეულ უბანზე რვა ვაკანსიაა. ამასთან, 164-დან 137 უბანზე რვა ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას რვა კანდიდატი აცხადებს, დანარჩენ უბნებზე კი კომისიაში ადგილის დასაკავებლად კანდიდატებს ბრძოლა მოუწევთ. ყველაზე მაღალი კონკურსი ორ უბანზეა - 11 კანდიდატი რვა ადგილზე.
კომისიის წევრთა შერჩევა 11-14 მარტს გაიმართება.
არჩევნები ელექტრონული სისტემით გაიმართება, ამასთან არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.
პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია 24 მარტს დასრულდება. საარჩევნო ბიულეტენში მათი რიგითობა 30 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი. იმავე დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები მუშაობას დაიწყებენ.
ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა სამმა პარტიამ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.