თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სომხეთმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) მისთვის შეთავაზებულ თანამდებობრივ კვოტაზე, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
გავრცელებული ცნობით, საუბარია CSTO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაჰან უნანიანმა განუცხადა სააგენტოს, სომხეთმა უკვე აცნობა ორგანიზაციას თავისი უარის შესახებ.
ამასთან საგარეო უწყების წარმომადგენელს უარის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
მანამდე, 20 იანვარს დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩმა ვარუჟან ნერსესიანმა განაცხადა, რომ ერევანი არ არის კმაყოფილი აზერბაიჯანის მოქმედებაზე რუსეთის რეაქციით, ვინაიდან მას CSTO-ს ფარგლებში კონკრეტული დახმარების იმედი ჰქონდა.
ამჟამად CSTO-ს გენერალურ მდივანს სამი მოადგილე ჰყავს: რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ტაჯიკეთიდან. კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილ პირებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი სამ წელიწადში ერთხელ ნიშნავს როტაციის წესით. სამდივნოში ასეთი თანამდებობების რაოდენობა ქვეყნების მიერ ორგანიზაციის ბიუჯეტში მათი შენატანების პროპორციულია.