ზურაბ ჯაფარიძისა და მისი თანაპარტიელის სასამართლო პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო

ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და მისი თანაპარტიელის საქმის განხილვის გადადების მიზეზი დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
Sputnik
თბილისი,10 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ნიკა მოსიაშვილის საქმის განხილვა 5 აპრილამდე გადადო.
ჯაფარიძე და მოსიაშვილი 7 მარტს, საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და 48 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქმის განხილვის გადადების მიზეზი დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა - ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს. სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა წარმოადგინეს სახალხო დამცველის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯაფარიძე და მოსიაშვილი პოლიციის ძალადობის სამიზნეები იყვნენ. მათ მოითხოვეს სასამართლოში მათი კლიენტების დაკავების სრული ჩანაწერის წარდგენა და მოწმეების მოსმენა.
მოსამართლემ ადვოკატების ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
8 მარტს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.