თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ვერ შეძლო საზოგადოებამდე მიეტანა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ემსახურება რეალურად უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
თბილისში სამდღიანი პროტესტის შემდეგ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო. ხოლო კანონპროექტის ამერიკული ვერსია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, გაიწვიეს.
„ფაქტია, რომ როდესაც ასეთი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოების მხრიდან, ბუნებრივია, შეცდომა იყო ამ პროექტის პირველი მოსმენით მიღება, თუმცა არა იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი თავისი შინაარსით არ შეესაბამება ჩვენს დღევანდელ ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებამდე სწორად მიგვეტანა ის, თუ რას ემსახურებოდა ეს კანონი", – განაცხადა კახიანმა.
ამასთან, დეზინფორმაციამ თავისი საქმე გააკეთა, დასძინა დეპუტატმა.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.