რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მომხდარს პარლამენტის შტურმის მცდელობა უწოდა.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ორდღიანი პროტესტის ცენტრი გახდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ დროისათვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან, მერიის შესაბამისი სამსახურები გამზირის დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმშია აღდგენილი.
უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტის შენობის წინ 7 მარტს, დღისით დაიწყო. 8 მარტს აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. საღამოს 10 საათისთვის ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ოთხშაბათს აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს წაუყენეს ულტიმატუმი – სკანდალური კანონპროექტების გაწვევა და 7 მარტის აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მმართველმა პარტიამ მოთხოვნები არ შეასრულა და პროტესტმაც აგრესიული ხასიათი მიიღო: დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს პარლამენს, ჩაამსხვრიეს შენობის პირველი სართულის მინები, მაღაზიის ვიტრინები, დაწვეს ავტომობილი, სანაგვე ურნები და პოლიციის მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. ამის საპასუხოდ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შსს-ს ცნობით, ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 133 პირი.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.