პარლამენტში პარასკევს პლენარული სხდომა ჩაინიშნა

სავარაუდოდ, დეპუტატები უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას ხვალინდელ სხდომაზე აპირებენ.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში 10 მარტს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ჩაინიშნა, ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდი ავრცელებს.
პლენარული სხდომა, რომელზეც, სავარაუდოდ, უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროეტი მეორე მოსმენაზე იქნება წარდგენილი, 12 საათზე ჩაინიშნა. სხდომამდე 15 წუთით ადრე კი დეპუტატები ბიუროზე შეიკრიბებიან, სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
დედაქალაქი ორი დღე საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
საპროტესტო აქციების ფონზე ხუთშაბათს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული , რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება.
რაც შეეხება კანონპროექტის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკულ ვერსიას, რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განხილულა და არ გაუტანიათ კენჭისყრაზე, მდინარაძის ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და კანონპროექტი უკან გაიწვიეს.
ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ გაწვევის პროცედურის დასრულებისთვის პროექტი უნდა ჩავარდეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება და მმართველი პარტია მის განხილვას არ დაუბრუნდება.
გადაწყვეტილებას პროექტის გაწვევის შესახებ მიესალმა ყველა დასავლელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
წყარო - საქართველოს პარლამენტი