ზოროასტრიზმიდან სტომატოლოგიამდე: დაადგინეთ ბედი და ჯანმრთელობა კბილებით

Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ირკვევა, რომ ზოროასტრიზმში არსებობს მთელი სწავლება იმის შესახებ, თუ რა საიდუმლო აზრი იმალება ადამიანის კბილებში.
ამ სწავლების თანახმად:
თუ ბავშვს პირველი სარძევე კბილი ზედა ყბაზე ამოუვა, ის თვითონ წარმართავს საკუთარ ბედს, მიზანდასახული და ამბიციური გაიზრდება.
თუ ბავშვი კბილით დაიბადება, საზოგადოებაში მაღალ საფეხურს დაიკავებს.
თუ ზედმეტი კბილი აქვს, ბავშვი დიდი ნიჭით იქნება დაჯილდოებული.
სხვათა შორის, ბევრ სხვადასხვა ხალხებში მიაჩნდათ, რომ თუ ბავშვს რაიმე (კბილი, თითი, საქოჩრე) ნორმაზე უფრო მეტი ჰქონდა, ის ნიჭიერი უნდა ყოფილიყო.
ასევე სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სარძევე კბილები ადამიანის მომავალი ცხოვრების ერთგვარ პროექციად აღიქმებოდა. ამ თვალსაზრისით:
რაც უფრო კარგი წყობისა და თანაბარია კბილები, მით უფრო კარგად და სწორად იცხოვრებს ადამიანი;
თუ ბავშვს სიბრძნის კბილის ჩანასახი არ უფიქსირდება, ე.ი. დიდი ვალდებულება აქვს ნატვირთი. ანუ ასეთ ადამიანს ან მთელი გვარის ნამოქმედარზე მოუწევს პასუხისგება, ან, პირიქით, წინაპრების ცოდნა-გამოცდილება მთლიანად მასზე გადავა;
თუ ადამიანს მარცხენა მხარეს სიბრძნის კბილი არ ამოუვა, ე.ი. დედის საგვარეულოს ნამოქმედარზე მოუწევს პასუხისგება, თუ მარჯვენაზე — მამის საგვარეულოზე;
თუ ბავშვს მუდმივი ეშვები კბილთა რკალის ზემოდან ამოუვა — ე.ი. ის უფროსების ყურადღების ნაკლებობას განიცდის;
თუ მუდმივი საჭრელი კბილები ჯანსაღია, ე.ი. ადამიანი შინაგანად, სულიერად ჰარმონიულია;
თუ საჭრელი კბილები იშლება, ე.ი. ადამიანი თვითგვემისკენაა მიდრეკილი;
თუ ცენტრალური საჭრელი კბილები ერთმანეთისკენაა მიმართული, ადამიანს ძლიერი კავშირი აქვს დედასთან. ანუ შესაძლებელია, რომ შვილმა დედის ბედი გაიმეოროს;
თუ ბავშვი სარძევე კბილებს დიდი ხნის განმავლობაში არ მოიცვლის, გიხაროდეთ, ის დიდხანს იცოცხლებს.
გარდა ამისა, კბილებთან დაკავშირებით თავის სიტყვას ამბობს ფიზიოგნომისტიკაც — მეცნიერება, რომელიც ადამიანის ხასიათს გარეგნობის მიხედვით განსაზღვრავს.
ამ დარგის სპეციალისტების თქმით: კბილების ოვალური ფორმა რბილი, დამთმობი, გულთბილი, საზოგადოებაში კარგად ადაპტირებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო სამკუთხა კბილები ძლიერი ნებისყოფის, ჯიუტი, აქტიური ადამიანების ხვედრია.
ირკვევა ისიც, რომ კბილების მიხედვით შესაძლებელია ბავშვის ჯანმრთელობის განსაზღვრაც.
გამადიდებლის ქვეშ კარგად ჩანს კიჭის მოცისფრო მინანქარი. თუ ახლადამოჭრილ კიჭის მინანქარს დიდი ფორები, ანუ მოთეთრო ლაქები აქვს, ე.ი. ორგანიზმს მიკროელემენტები აკლია.
თუ კბილებზე ამოჭრის მომენტში შეუიარაღებელი თვალით ჩანს თეთრი ლაქები, შესაძლოა ბავშვის ორგანიზმში ფტორის დიდი რაოდენობა მოხვდა.
თუ ბავშვს შესაბამისი ჰიგიენის პირობებშიც კი ეწყება წინა სარძევე კბილების გარეთა ზედაპირის დაშლა, შესაძლოა მას ყელ-ყურ-ცხვირის ან პირით სუნთქვის პრობლემები ჰქონდეს.
თუ ბავშვის კვების რაციონიდან გამორიცხული გაქვთ სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები, საგულდაგულოდ უსუფთავებთ კბილებს, მაგრამ ისინი მაინც იშლება, გამოიკვლიეთ მისი პირის ღრუს მჟავიანობა. მიზეზი შესაძლოა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, ანუ მისი დაქვეითება იყოს.