რეალისტური ნიღბების ეფექტი: ბებერი მძარცველები ახალგაზრდა ძმები აღმოჩნდნენ - ფოტო

Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ხანდაზმული კრიმინალები, რომლებიც ბრიტანეთში საიუველირო მაღაზიის ძარცვისთვის იძებნებოდნენ, სინამდვილეში გადაცმული ახალგაზრდა ძმები აღმოჩნდნენ, წერს Sky News.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ დადგინდა, რაც პოლიციამ ერთ-ერთი ძმის მანქანის საბარგულში ძალიან რეალისტური ლატექსის ნიღბები იპოვა.
ძარცვა 2021 წლის 27 სექტემბერს მოხდა ქალაქ ეპინგში. დანითა და მომცრო ნაჯახით შეიარაღებული ორი ასაკოვანი მამაკაცი მაღაზიაში შევიდა. ორივე მათგანი ნახევრად მელოტი და ჭაღარა იყო, სახეზე სამედიცინო პირბადეები ეკეთათ, თუმცა ნაოჭები მაინც ეტყობოდათ. ხელებზე ხელთათმანები ეცვათ, ტანზე კი - გრძელი ლაბადები.
მძარცელებმა ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც სკამზე მიაბეს, ხელიდან 15 ათას გირვანქად ღირებული „როლექსის“ საათი მოხსნეს. შემდეგ კი პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში დაიწყეს ჩხრეკა და ძვირფასი ნივთების ძებნა.
მაგრამ ამ დროს სიგნალიზაცია ამუშავდა და მძარცელები გაიქცნენ. ისინი იქვე, მაღაზიის წინ გაჩერებულ ავტომობილში ჩასხდნენ და თვალს მიეფარნენ.
მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციამ მოწმეების მიერ აღწერილის მსგავსი ავტომობილი გააჩერა, რომელსაც 28 წლის ჯორჯ მერფი-ბრისტოუ მართავდა. სამართალდამცველებმა საბარგულში ზედმიწევნით რეალისტური ლატექსის ორი ნიღაბი, დანა, ნაჯახი და ლაბადა აღმოაჩინეს, და ბრისტოუ ადგილზე დააკავეს.
ნიღბებზე შერჩენილი ნერწყვის ანალიზის შედეგად სასამართლოს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დნმ ჯორჯსა და მის უფროს ძმას, 37 წლის ბენჯამინ მერფი-ბრისტოუს ეკუთვნოდა.
სასამართლომ ძმები დამნაშავეებად ცნო და უმცროსს 13 წლით, ხოლო უფროსს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
წყარო: Sky News