თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი Indian Wells Masters-ის პირველივე წრეში დამარცხდა და პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა.
ბასილაშვილი 1/64 ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგში 66-ე ადგილზე მყოფ პედრო კაჩინს დაუპირისპირდა და შეხვედრა ორ სეტში 5:7, 4:6 დათმო.
არგენტინელი სპორტსმენის მეტოქე ტურნირზე მე-12 ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება.
Indian Wells Masters-ის ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი შეცვალა. 35 წლის სერბმა, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ აქვს გაკეთებული, აშშ-ში შესვლის უფლება ვერ მიიღო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 118-ე ადგილზეა. იგი 2021 წელს ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ კამერონ ნორისთან 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.