მსოფლიო დღეს

G7 მარტში რუსულ ნავთობზე ლიმიტირებული ფასის გადახედვას გეგმავს

Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები რუსული ნავთობის ზღვრული ფასების დონის გადახედვას გეგმავენ, განუცხადა „რია ნოვოსტის“ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თანაშემწემ ელიზაბეტ როზენბერგმა, როდესაც ის ჰიუსტონში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენცია CERAWeek-ს ესწრებოდა.

„რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ G7 [რუსულ ნავთობზე] ზღვრული ღირებულების გადაფასებას გეგმავს მარტში“, — აღნიშნა მან.

ამასთან როზენბერგმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, მოელის თუ არა ვაშინგტონი, რომ რუსული ენერგორესურსების ღირებულების შეზღუდვა გავლენას მოახდენს მოსკოვის პოზიციაზე უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.
როზენბერგს ასევე ჰკითხეს, ხედავს თუ არა შეერთებული შტატები ნავთობის ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსს საფასო ლიმიტის შემოღების შემდეგ.
„სამწუხაროდ, ამ საკითხზე თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს“, — თქვა მან.
რუსულ ენერგომატარებლებზე სანქციები ძალაში 5 თებერვალს შევიდა. ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი, ხოლო ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა ფასების ზღვარი დააწესეს.