საპატრიარქო მორიგი საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღებას იწყებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს მონათლავს.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოში ჩვილთა რიგით 67-ე საყოველთაო ნათლობაზე რეგისტრაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 13 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იწარმოებს. მშობლებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის ორი ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკზე; ოჯახის ერთი ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკზე.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. დღეისათვის ილია მეორეს 44.584 ნათლული ჰყავს.