პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. პარლამენტთან, სადაც უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი უყარეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევენ, პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლონ. სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა უკვე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. აქციაზე ასევე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
კანონპროექტების განხილვები პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს შესაძლებლობებზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ის რუსული კანონის ანალოგიურია.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროეტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარისას განაცხადა, რომ ამა თუ იმ კანონის მიღების საკითხი თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა.