თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ძირითადი რაუნდის ბოლო მატჩს 7 მარტს სტუმრად გამართავს ბელგიის წინააღმდეგ.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშისთვის მზადება თბილისში 1 მარტს დაიწყო, 4 მარტს კი ბელგიაში გაემგზავრა.
საქართველომ ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართული პირველი მატჩი ანგარიშით 4:2 მოიგო. ამ დროისათვის საქართველოს ნაკრები 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, მის მეტოქეს კი 6 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის წინ ბელგიამ ჯგუფის აუტსაიდერი ავსტრია ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
საქართველო-ბელგიის მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, შეხვედრის ნახვა ფეხბურთის გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის გუნდია.