ზემო ლარსი დღეს: მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების საფრთხის გამო დღეს, დილით აიკრძალა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.