თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი არიან ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, მათ დემოკრატიისთვის საშიშროება დაინახეს.
„ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება ბევრის შეშფოთებას იმეორებს: თუ პარლამენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მიიღებს, ეს სამოქალაქო საზოგადოებასა და მასმედიაზე მსუსხავ ეფექტს მოახდენს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედონ ამ კანონს“, — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.