თბილისი, 2 მარტი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) თბილისში ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამო საშაურმე „რეტროს“ საქმიანობა შეუჩერა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, უწყებაში შევიდა შეტყობინება ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ხუთივე მათგანმა მიირთვა შაურმა საშაურმე „რეტროს“ (შპს „ბრაზერსი“) ორ სხვადასხვა მისამართზე (აბასთუმნის ქ. N1ა და სამტრედიის ქ. N9) მდებარე ობიექტებში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სეს-ის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს და ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ნიმუშები აიღეს.
„ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნეს-ოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საშაურმე „რეტრო“ 1000 ლარით დაჯარიმდა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად.
წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო