საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მარტის თამაშებზე ბილეთების გაყიდვა იწყება

ორივე მატჩი მარტის ბოლოს ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ბილეთების გაყიდვა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მარტის მატჩებზე მონღოლეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ 2 მარტს 12:00 საათზე დაიწყება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ვილი სანიოლის გუნდი მონღოლეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს 25 მარტს გამართავს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ 28 მარტს გაიმართება. ორივე თამაშს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.
ბილეთები მხოლოდ ონლაინ იყიდება ვებ-გვერდზე TKT.GE. თითოეულ მყიდველს მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.
აქამდე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. სამივე თამაში ნორვეგიამ მოიგო.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად А ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ერთად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს