სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი ასდოლარიანები გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია 20.250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100-დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა გაასაღა.
უწყების ცნობით, ამოღებულია 20.250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100-დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.