თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2022 წელს 4.456,1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 79,0 პროცენტით აღემატება 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტებმა გასულ წელს ჯამში მიიღეს 2.196,1 ათასი მგზავრი, რაც 75,7 პროცენტით მეტია 2021 წელთან შედარებით; ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2.260,0 ათასი მგზავრი, ეს კი 82,4 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ქართული საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178,1 ათასი მგზავრი, რაც 94,9 პროცენტით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ტვირთბრუნვას, 2022 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ ფოსტის ჩათვლით 17,9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 83,2 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 16,8 პროცენტი – გაგზავნილი.
2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667,0 ათასი ტონა ტვირთი, ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემთან შედარებით 53,7 პროცენტით არის გაზრდილი.
2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21,5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 42,8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.