თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო აბიტურიენტების შერჩევა 2023-2024 წლებისთვის, მათ შორის საქართველოდანაც, განაცხადა საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ.
მისი თქმით, აბიტურიენტების განაცხადების მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება.
სვენტიცკის ინფორმაციით, ქართველი აბიტურიენტებისთვის წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტები გაიზარდა — მათთვის 200 ადგილია გამოყოფილი.
„ბევრი წელია ვამბობთ, რომ საქართველოდან რუსეთში ჩასული სტუდენტები ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. მათ ხშირად ასახელებენ მაგალითად, რადგან კარგად სწავლობენ“, — განაცხადა სვეტნიცკიმ.
რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შესაბამის საიტზე კითხვარის შევსება და დასკანირებული დოკუმენტების ატვირთვა. ესენია: ფოტო, პასპორტი და დოკუმენტი განათლების შესახებ. იმ შემთხვევაში კი, თუ პირს ატესტატი ჯერ არ აუღია, მაშინ მან ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების მოწმობა უნდა გაგზავნოს. ამასთან ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი რუსულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული.
განაცხადში მითითებული უნდა იყოს მინიმუმ ექვსი უნივერსიტეტი — პრიორიტეტების მიხედვით. შემდგომ ეტაპზე განმცხადებელი მიწვეული იქნება გასაუბრებაზე საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც მის განაცხადს შესარჩევი კომისია განიხილავს. თუ გასაუბრება წარმატებით დასრულდება, საჭირო იქნება დამატებითი საბუთების წარდგენა საინფორმაციო სისტემაში.
„მნიშვნელოვანია საბუთებს დაურთოთ სიგელები, გრანტები, შემოქმედებითი ნამუშევრები, დაადასტუროთ თქვენი მიღწევები. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი კანდიდატის შერჩევისას“, — ხაზგასმით აღნიშნა სვენტიცკიმ.
ნიკოლაი სვენტიცკის თქმით, განმცხადებლებს სპეციალობების ფართო არჩევანი აქვთ. მომავალ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ისწავლონ რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში — კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე.
აღსანიშნავია, რომ წელს სწავლება სტიპენდიების გადახდითა და სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით ხორციელდება. გარდა ამისა, სტუდენტებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ, მათ შორის სპეციალობის მიხედვით.