თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ჰავანის სინდრომის“ გავრცელებასთან, რომლითაც ასობით ამერიკელი დიპლომატი დაავადდა მთელ მსოფლიოში და ზოგ შემთხვევაში დიპლომატიური მისიების მთელი პერსონალიც გამოიყვანა მწყობრიდან, აშშ-სადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების მიერ რაიმე იარაღის გამოყენებას ჰქონდეს კავშირი, წერს ამერიკული მედია აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე დაყრდნობით.
ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული დასკვნა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, დეტალურ და ამომწურავ გამოძიებას ეყრდნობა.
„სიმპტომები, რომლის თაობაზეც იუწყებოდა ამერიკული პერსონალი, სავარაუდოდ, იყო იმ ფაქტორების შედეგი, რომლებიც უცხოელ მოწინააღმდეგეებს არ უკავშირდება. ესენია: ტექნიკური გარემოებები, ჩვეულებრივი დაავადებები და გარემო პირობები“, — ნათქვამია დასკვნაში.
სპეცსამსახურების განცხადებით, ამგვარი დასკვნის გაკეთებამდე მათ დეტალურად შეისწავლეს სამედიცინო, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც დამაჯერებლად ხსნის AHI-ის (აპნოე-ჰიპოპნოეს ინდექსი) შემთხვევებს ამერიკელ დიპლომატთა შორის.
ამასთან, როგორც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განმარტა, აღნიშნული დასკვნა სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ ამერიკელი დიპლომატებისა და CIA-ს თანამშრომლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინციდენტებს.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორატის განცხადებით, უწყება კვლავაც განაგრძობს „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებული ინციდენტების შესწავლას.
„ჰავანის სინდრომი“ — ნევროლოგიური სიმპტომების კრებული, რომელთა შორისაა: თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, სმენის პრობლემები და მეხსიერებაში ჩავარდნები. პირველად ის 2016 წლის ნოემბერში დაფიქსირდა ჰავანაში (კუბა) აშშ-ის და კანადის საელჩოების თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრთა შორის. შემდგომ წლებში სინდრომი დაფიქსირდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში რუსეთში, ჩინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში.
ამ დროისათვის „ჰავანის სინდრომი“ დაახლოებით 1500 ამერიკელ დიპლომატს, სამხედროსა და დაზვერვის თანამშრომელს აქვს დადასტურებული, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდნენ. შეერთებული შტატების მთავრობა თავდაპირველად სინდრომს მიკროტალღური იარაღით მის დიპლომატებზე მიზანმიმართულ თავდასხმად მიიჩნევდა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.