ბადრი ესებუას საქმე: ბრალდებულმა ადვოკატზე უარი თქვა

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა ხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. „საქართველოს ბანკზე“ ყველაზე თავხედურ თავდასხმაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ თავისი ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის აცილება მოითხოვა.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. ნიღბიანი და შეიარაღებული მძარცველი ბანკში შევიდა და მძევლები აიყვანა. გამოძიების მონაცემებით, ბოროტმოქმედმა მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი მიიღო და მიიმალა.
ტელეარხ „TV პირველის“ ინფორმაციით, ადვოკატის აცილებაზე განაცხადა მოსამართლე ეკატერინე ბებიამ სხდომის დაწყებისთანავე, სადაც სასამართლო ბრალდების მხარის სამხილებს სწავლობდა.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ესებუაზე ზეწოლა ხორციელდება. მაგრამ მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვინ ახორციელებს ზეწოლას მისი დაცვის ქვეშ მყოფზე.

„რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობაიძემ.

ახლა ესებუას ინტერესებს დაიცავს ადვოკატი იოსებ ჯანაშია. მისი თქმით, კობაიძის აცილების მიზეზი გახდა მის მიერ ესებუას შესახებ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება (პერიოდზე, როდესაც ის გამოძიებას ემალებოდა).
„როგორც გავიგეთ, ასეთი ინფორმაცია ბადრი ესებუას არ მიუცია, არც იმის უფლება მიუცია ადვოკატისთვის, რომ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა მისი ნებართვის გარეშე“, – განაცხადა ჯანაშიამ.
საუბარია ესებუას წერილზე, სადაც ის წერს, რომ ბანკის დაყაჩაღების შემდეგ ცხოვრობდა სოხუმსა და ბათუმში, სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჯავშნიდა ნომრებს სასტუმროებში და ქირაობდა ბინას თბილისში. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ესებუა სოხუმიდან შეყვარებულის გამო დაბრუნდა, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა.
ადვოკატი: ესებუას საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს >>
ესებუას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამასთან იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილში საუბარია ორ ეპიზოდზე, ერთი ეხება მძევლების აყვანის დროს, ხოლო მეორე – დაკავების მომენტს.

ბანკზე თავდასხმა

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.