თუ ბავშვი საკვებით მოიწამლა: პირველი დახმარება პედიატრ კომაროვსკისგან

Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ კვებითი მოწამვლის პირველი ნიშნები, უმეტეს შემთხვევაში, ჭამიდან 48 საათის განმავლობაში იჩენს თავს, აცხადებს უკრაინის უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
პოპულარული ექიმი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვის კვებითი მოწამვლის შემთხვევაში.
კვებითი მოწამვლა — ეს ისეთი მოწამვლაა, როდესაც ორგანიზმში შხამი საკვებთან ერთად ხვდება. მისი ბუნება მეტად მრავალფეროვანია, თუმცა მაინც შეიძლება მიზეზების სამი ჯგუფის გამოყოფა.
ესენია:
ინფექციები — უმარტივესები, ბაქტერიები, ვირუსები;
ცხოველებსა და მცენარეებში შემავალი ტოქსინები — შხამიანი სოკოები, საჭმელად უვარგისი ან არასწორად მომზადებული ხორცეული, თევზეული და ა.შ.
შხამები, რომლებითაცაა დამუშავებული პროდუქტები ან რომლებსაც თავად პროდუქტი შეიცავს — პესტიციდები და სხვ.
როგორც წესი, კვებითი მოწამვლის ნიშნებია: გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილი სიმპტომები:

გამოუვლინდა 3 წლამდე ბავშვს;
თან სდევს სხეულის მაღალი ტემპერატურა;
შენარჩუნებულია ორი დღე-ღამის განმავლობაში;
უფიქსირდება ოჯახის სხვა წევრებსაც.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დააფიქსირეთ, რომ:

მოწამვლის წყარო არის სოკო (თუნდაც, სავარაუდოდ);
ღებინების გამო ბავშვი წყალს ვერ სვამს;
გაორება აქვს თვალებში;
არეული აქვს მეტყველება;
გართულებულია ყლაპვა;
მოდუნებული აქვს კუნთები;
კანი ან ლორწოვანი გარსი გაყვითლებული აქვს;
სახსრები უშუპდება;
გამონაყარი ჩნდება კანზე;
შარდის გამოყოფა 6 საათზე მეტხანს არ ხდება, ან შარდი არის ძალიან მუქი ფერის;
ნაღებინებ მასაში ან განავალში არის სისხლი.

გადაუდებელი დახმარება

თუ სიმპტომები ჭამიდან 30 წუთში გაჩნდა, მაგრამ ბავშვს გული არ ერევა, ხელოვნურად გამოიწვიეთ პირღებინება.
ამისათვის დაალევინეთ ბავშვს 1-2 ჭიქა წყალი ან რძე, შემდეგ ცალი ხელით მაგრად დაიჭირეთ ის, მეორე ხელის ორი თითი კი ღრმად ჩაუყავით ყელში და გაამოძრავეთ.
თითების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზი, რომელიც ენის ძირს უნდა დააჭიროთ.
შემდგომი ნაბიჯები კი ასე გამოიყურება:
არაფერი აჭამოთ ბავშვს;
დაალევინეთ ბევრი სითხე, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს;
ასვით ხშირ-ხშირად და თითო ჯერზე მხოლოდ რამდენიმე ყლუპი;
ოპტიმალური სითხე დასალევად არის რეჰიდრონი და მისი მსგავსი ხსნარები, ასევე მინერალური წყალი, ჩაი, კომპოტი;
არ დაატკბოთ სითხეები;
თუ ბავშვი უარს ამბობს თქვენ მიერ შეთავაზებულ სასმელზე, მიეცით მას ის, რისი დალევაც თავად უნდა, ოღონდ შეეცადეთ, რომ ეს გამჭვირვალე, უფერო სითხე იყოს. მუქი ფერის კომპოტები და წვენები მაქსიმალურად გააზავეთ წყალში;
მიეცით ბავშვს გააქტიურებული ნახშირი სხეულის წონის გათვალისწინებით: 1 გ/1 კგ-ზე;
თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს, მიეცით ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები.

კვებითი მოწამვლის პროფილაქტიკა - რამდენიმე რჩევა

მიაჩვიეთ ბავშვი ელემენტარულ ჰიგიენას — ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩიდან დაბრუნების მერე და ა.შ. ხელების დაბანას;
ხშირად შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ახლით; გახსოვდეთ! ის შეიძლება იქცეს ბაქტერიების წყაროდ.
სადილის მომზადებისას, თუ ხელებზე რაიმე ჭრილობა გაქვთ, აუცილებლად დაიკარით ზედ ლეიკოპლასტირი ან ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები;
აღარ გაყინოთ ხელმეორედ ერთხელ უკვე გალღობილი ხორცეული;
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის ვარგისიანობის ვადას.