მსოფლიო დღეს

ტრაგედია საბერძნეთში: ღამით ორი მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საბერძნეთის ქალაქ ტემპიში წუხელ ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, იუწყება ბერძნული სააგენტო EPT New.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი სამგზავრო მატარებელი იყო, მეორე კი სატვირთო. სამგზავრო მატარებელი ათენიდან სალონიკში მიდიოდა, ხოლო სატვირთო პირიქით — სალონიკიდან ათენში. რატომ აღმოჩნდნენ მატარებლები ერთ ლიანდაგზე შემხვედრი მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია.
შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი, რომელშიც 350 კაცი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან აღინიშნება, რომ ლოკომოტივი და მეორე ვაგონი სრულადაა განადგურებული.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დაღუპულია 32 და დაშავებულია 85 ადამიანი. დაშავებულთაგან 53 კაცი საავადმყოფოებში რჩება. მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.