იუსტიციის სახლებში საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი

იუსტიციის სახლები 2023 წლის მარტიდან მოქალაქეებს ხუთ ახალ სერვისს მიაწვდიან.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. იუსტიციის სახლებში 1 მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისი ხელმისაწვდომი გახდა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
იუსტიციის სამინისტროსა და საპენსიო სააგენტოს შორის შესაბამის დოკუმენტს ხელი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში მოეწერა. მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში.
ამიერიდან იუსტიციის სახლებში მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ისეთ სერვისებზე, როგორიცაა:
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა;
სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა;
საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლა;
ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა;
სქემის მონაწილის ცნობის მიღება.
იუსტიციის სახლი არის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს თითქმის ყველა საჯარო მომსახურებას: ქორწინების რეგისტრაციით დაწყებული, ქონების რეგისტრაციით და საარქივო ჩანაწერების გაცემით დამთავრებული.
დღეისათვის იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.