რატომ და რასთან ერთად უნდა მიირთვათ ხაჭო: დასახელდა კატეგორიულად შეუთავსებელი პროდუქტები

Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ხაჭოს ყოველდღიური მიღება სასიკეთო გავლენას ახდენს ძვლების, ღვიძლის, კუნთების მდგომარეობაზე და, ამასთან, გარდა იმისა, რომ აწესრიგებს ძილს, ადამიანს გახდომაშიც ეხმარება, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ხაჭოში დიდი რაოდენობით შედის ტრიპტოფანი − ამინომჟავა, რომელიც ადამიანს უძილობისგან, შფოთვისა და დეპრესიებისგან იცავს.
გარდა ამისა, პროდუქტი მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, რომელიც აღკვეთს კბილების პრობლემებს, ამაგრებს ძვლებს, აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ 9%-იანი ცხიმიანობის ხაჭოს 100 გრამში სულ 169 კალორია და 16% ცილა შედის, რის გამოც ის ადამიანს მალე ანაყრებს.

„გამომდინარე აქედან, ზედმეტი საკვების მიღება თითქმის სრულიად გამოირიცხება. თუ მენიუში ხაჭოს შეიტანთ, უფრო ნაკლებს შეჭამთ, ვიდრე ჩვეულებრივ ჭამთ ხოლმე“, − განმარტავენ სპეციალისტები.

ამასთან, ისინი განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რომ ხაჭოში შემავალი მითეონინი პოზიტიურად მოქმედებს ცხიმგაცვლაზე, რითაც ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნას უშლის ხელს. ეს იმათთვისაა საყურადღებო, ვინც რეგულარულად მიირთმევს ისეთ საკვებს, როგორებიცაა ფასტფუდები, შემწვარი პროდუქტი, ტკბილეული და ფქვილოვანი ნაწარმი.
ხაჭოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სასარგებლო თვისება ისაა, რომ დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მცირე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — ამბობენ ექიმები.

ამასთან, მათი თქმით, ჯობს მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი, ვინაიდან ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. საქმე ისაა, რომ:
როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება;
და მეორე: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყლების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი.
სპეციალისტების განმარტებით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს. ამასთან, იმისათვის რომ ორგანიზმმა ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, აუცილებელია იცოდეთ, რასთან ერთად შეიძლება მისი ჭამა და რასთან − არა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ხაჭოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან უპირველესია კაზეინი − რძის ცილა, რომელიც მისი მოხაჭოების დროს გამოიყოფა. და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭო ნებისმიერ პროდუქტს ეთავსება, დიდი რაოდენობით ცილა გამოხატულ ინსულინურ პასუხს იწვევს.
ექიმების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცილაზე ცხიმის დამატება ინსულინურ პასუხს აქვეითებს (ამიტომაც 9%-იანი ან არაჟანთან შერეული ხაჭო უფრო სასარგებლოა). შესაბამისად, ვისაც შაქრის მაღალი დონის პრობლემა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას მურაბიანი, თაფლიანი, მწიფე ბანანშერეული ხაჭო.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჯობს ხაჭოს მწვანილი ან ბულგარული წიწაკა დაუმატოთ, ან უბრალოდ ცხიმიანი, თუნდაც 5%-იანი ხაჭო მიირთვათ. ხოლო იმისათვის, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ელემენტები ორგანიზმმა ამომწურავად შეითვისოს, კარგი იქნება, თუ ხაჭომდე ბოსტნეულს, მაგალითად, კომბოსტოს ან მწვანილეულს მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში უჯრედისი ინსულინურ პასუხს დააქვეითებს.
რაც შეეხება პროდუქტებს, რომელთა მირთმევა ხაჭოსთან ერთად რეკომენდებული არ არის, ესენია:
რძე − ზოგი ადამიანი ხაჭოს რძეს უმატებს, რათა ის უფრო რბილი და ნაზი გახდეს. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამ კომპონენტების შერევისას რძის ცილის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და მისი მონელება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, შედეგად მიიღებთ „ფუჭ“ საკვებსა და ზედმეტ კალორიებს.
ყავა − საუზმედ ბევრი ირჩევს ხაჭოსა და ყავას, მაგრამ ეს არასწორია. ყავა განსაკუთრებულ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სრულებით არ ეთავსება რძის პროდუქტებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ერთად კალციუმის სწორად ათვისებას უშლის ხელს.
კვერცხი − ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: კვერცხი ძალიან ბევრ ცილას შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შემდეგ მისი დენატურაცია იწყება და ცილის ათვისების ხარისხი იმატებს. ორგანიზმს კი ასეთი დიდი რაოდენობით ცილის გადამუშავება გაუჭირდება.
შაქარი − ყველაზე გავრცელებული ვარიანტი სწორედ ხაჭოზე შაქრის დამატებაა. მაგრამ ის კალციუმის ათვისების პროცესს ამცირებს და ამასთან ძალიან, ძალიან კალორიულია.
ხორცი − ხაჭოსთან ხორცს ალბათ ცოტა მიირთმევს, მაგრამ მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია! ამ ორი პროდუქტის გადამუშავებას ორგანიზმი ძალიან დიდ დროს ანდომებს და თანაც მუცლის შებერილობასა და გაზწარმოქმნას იწვევს.