თეა გოდოლაძემ ვაკეში ფერდის ჩამოშლის მიზეზი დაასახელა

ორშაბათს ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა, სპეციალისტები მიზეზებს სწავლობენ.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მეწყერი გაჩნდა იმის გამო, რომ ფერდი გადატვირთულია შენობებით, ასევე ახლა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ.
მეწყერი ტაბიძის ქუჩაზე
27 თებერვალს თბილისში, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა. როგორც მერიაში განაცხადეს, სპეციალისტებმა მომხდარის შესწავლა უკვე დაიწყეს.

„გუშინ მოსახლეობამ დაგვირეკა, მიწა ჩამოწვაო. ძალიან ბევრჯერ ვთქვით! არ დატვირთოთ შენობებით ლისის და მთაწმინდის ფერდი თქო. დანაპრალებას და მეწყერს იწვევს. არ შეიძლება ასეთი მშენებლობები და გრუნტის ჭრა“, – დაწერა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ვაკის რაიონში მსგავსი მშენებლობები დაუშვებელია.
გოდოლაძის თქმით, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე დანაპრალებას კლდის ლოკალურად ერთი ჩაჭრა ვერ გამოიწვევდა, მომხდარის მიზეზი გადატვირთული ფერდია ვაკეში.
„რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ თვითლიკვიდაციას!“ – აღნიშნა გოდოლაძემ.
თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა >>
სეისმოლოგი აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან ონლაინ-ჩართვებს დაიწყებს და ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც მიწის მასის ჩამოშლის მიზეზებს სწავლობენ.
თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მერია მოსახლეობას დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს.