თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში გარე მოთამაშეების ჩართვის წინააღმდეგი არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, მთავარია, ეს გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი არ გახდეს.
„ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ყველა ამ საკითხის გადაჭრას სხვა მხარეებიც დაეხმარონ, უპირველეს ყოვლისა კი, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევას. ამასთან, იმის გაგებით, რომ ეს გაკეთდება მტკიცე მშვიდობის დამყარების ინტერესებიდან გამომდინარე, გულწრფელად, ყველა ხალხისთვის შემდგომი განვითარების პირობების შექმნით“, — განაცხადა ლავროვმა რუსეთ-აზერბაიჯანის ექსპერტთა საბჭოს მესამე სხდომაზე.
ამასთან ერთად რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგი გარე მოთამაშე „ამ მიზნებით არ ხელმძღვანელობს და ვითარებას შემდგომი გეოპოლიტიკური თამაშების საბაბად მოიაზრებს“.
ლავროვის თქმით, ბრიუსელი ბოროტად იყენებს ურთიერთობას ბაქოსთან და ერევანთან, მათ შორის სომხეთის ტერიტორიაზე თავისი მისიის შეყვანით, „რაც ბევრ კითხვას ბადებს მისი მანდატის, ფუნქციების, ხანგრძლივობის ლეგიტიმურობის თვალსაზრისით“.
მანამდე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ დაამტკიცონ სომხეთში სამოქალაქო მისიის შექმნა, რომლის ამოცანაც რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევა იქნება. მოსალოდნელია, რომ მისიაში ევროკავშირის 100 წარმომადგენელი შევა.