შუალედური არჩევნები საქართველოში: წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია 24 მარტს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა პარლამენტის შუალედური და საკრებულოების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტში შუალედური არჩევნები და მუნიციპალურ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს 164 უბანზე გაიმართება.
კონკრეტული რაიონების მოსახლეობა აირჩევს საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს და ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მერებს.
არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.

„მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციის წესები, რათა ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყოთ 29 აპრილის არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“, – განაცხადა იოსელიანმა.

სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის, წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დაცვა, ამომრჩეველთა ზუსტი, სწორი ინფორმირება იქნება განმსაზღვრელი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებისა და ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისა, აღნიშნა ცესკოს წარმომადგენელმა.
ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია>>>
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს.
პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია 24 მარტს დასრულდება. საარჩევნო ბიულეტენში მათი რიგითობა 30 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი. იმავე დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები მუშაობას დაიწყებენ.
ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა სამმა პარტიამ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.