სახალხო დამცველის პოსტისთვის ლევან იოსელიანი იბრძოლებს

ალეკო ელისაშვილის აზრით, იოსელიანს აქვს რესურსი, რომ პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურას წარადგენს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.

„ჩვენ პარტიაში მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება. თუმცა, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება. ამ პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანია ან, შესაძლოა, მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, იოსელიანს აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო ორგანოში 90-ზე მეტი დეპუტატის ხმა მიიღოს.
„ჩვენ გარკვეული კონსულტაციები გვქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან. იმედი მაქვს, რომ ამ პარლამენტში შევძლებთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზად არის სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს.
ვერ შეთანხმდნენ - ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ომბუდსმენობის ყველა კანდიდატი ჩავარდება>>>
მისი თქმით, თუ ისეთი კანდიდატურა იქნება დასახელებული, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, „ქართულ ოცნებას“ სათანადო მიდგომა ექნება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 მანდატი და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.