თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა რუსეთს 906 მილიონი რუბლი (12 მლნ აშშ დოლარი) გადაუხადა ჯარიმის სახით იმ ანტიმონოპოლიური საქმის ფარგლებში, რომელიც მობილური აპლიკაციების ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას შეეხებოდა.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახური (FAS) არცელებს.
„ფულადი სახსრები უკვე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში“, — ნათქვამია FAS-ის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური საქმე 2019 წელს აღიძრა „კასპერსკის ლაბორატორიის“ სარჩელის საფუძველზე. მაშინ AppStore-მ არ დააკმაყოფილა „კასპერსკის ლაბორატორიის“ განაცხადი მშობელთა კონტროლის პროგრამა Kaspersky Safe Kids-ის საკუთარ პლატფორმაზე ატვირთვის თაობაზე.
2020 წლის აგვისტოში FAS-მა დაასკვნა, რომ Apple-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე. შედეგად, სამსახურმა Apple-ს იმ დებულებების გაუქმება მოსთხოვა, რომლებიც მას მესამე მხარის აპლიკაციების AppStore-ზე უარყოფის უფლებას აძლევდა.
FAS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-მა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სხვადასხვა ეტაპებზე სცადა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ კომპანია დათანხმდა ჯარიმის გადახდას.
კორპორაცია Apple-ს, რომელმაც 2022 წლის მარტში შეაჩერა თავისი პროდუქციის გაყიდვა რუსეთში, ხოლო დეკემბერში ოფისიც დახურა მოსკოვში, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ანტიმონოპოლიური ჯარიმის გადახდის შესახებ.