მოსაზრება: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიილტვის

Sputnik
მაქსიმ სოკოლოვი
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი წლისთავზე დასავლეთის ქვეყნების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ პროგნოზის გაკეთებისას, ცოტა არ იყოს, გადააჭარბა, წერს „რია ნოვოსტის“ ავტორი.
იგი წინასწარ აცხადებდა: „მოსალოდნელია დიდი მოვლენები, იქნება ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი, გადაწყვეტილებები სანქციებთან, იარაღთან დაკავშირებით, იქნება ერთობის სიმბოლოები, და ეს ყველაფერი – ყველა დონეზე. რუსეთი დაიმახსოვრებს, როგორ აღნიშნავს მსოფლიო წლისთავს“.
სინამდვილეში სიმბოლურმა ჟესტებმა და სანქციებმა მსოფლიო ვერ შეარყია და უკვე მარტისთვის ყველას დაავიწყდება. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: მათთვის, ვინც გატაცებულია ინგლისის ისტორიით, პრემიერ რიში სუნაკის მიერ წამოყენებული წინადადებები ტოკიოში „დიდი შვიდიანის“ ხელმძღვანელების შეკრებამდე მართლაც რაღაც სიახლეს შეიცავდა.
სუნაკის კანცელარიამ გაავრცელა განცხადება: „პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის ძალებისთვის ზიანის მიყენებაში ფრონტის ხაზის მიღმა“. ანუ შეუტიონ რუსეთის ზურგს.
„ფრონტის ხაზს მიღმა“ – ფართო ცნებაა. მაგალითად, თუ პარტნიორები დათანხმდებიან, იაპონიამ შეიძლება დაარტყას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს, კანადამ – რუსეთის არქტიკულ რეგიონებს. ეს ხომ დაეხმარება უკრაინას, ვინაიდან რუსული ძალების ნაწილი ახალ მიმართულებებზე გადანაწილდება, შესაბამისად, დღევანდელ ბრძოლის ველზე რუსული ხიშტების რაოდენობა შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე პარტნიორები კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბომბები და რაკეტები არ უნდა შეეხოს რუსეთის ტერიტორიას პარტნიორების მიერ აღიარებულ საზღვრებში. ორლოვისა და ტულის ოლქების, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების დაბომბვა არ ღირს.
თუმცა დასავლელი პარტნიორი სიტყვის ერთგულებით არ გამოირჩევა. მოუნდება - მისცემს სიტყვას, მოუნდება - უკან წაიღებს.
მაგრამ ახლა ინგლისი ღია ტექსტით, საჯაროდ მიიჩნევს აუცილებლად, თავი შეიკავოს ყოველგვარი ფიცისგან და დაპირებისგან და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს. ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, რომლებსაც ასევე არაფრის ეშინიათ. თუმცა ისინი დღეს ზრდასრულ ქურდებთან მოფუსფუსე არასრულწლოვნების როლს ასრულებენ. იქნებ ბრიტანეთმაც გადაწყვიტა, არასრულწლოვან დამნაშავეთა რიცხვში ჩაეწეროს, მაგრამ ეს სერიოზული ევოლუციაა (უფრო სწორად, დევოლუცია).
ეს მაშინ, როდესაც ძველი დროიდან არსებობს გამოთქმები „დიდი თამაში“ (ავტორი - კიპლინგი) და სინონიმური „ინგლისელი ისაქმებს“ (მიაწერენ სხვადასხვა ავტორს, მათ შორის, სუვოროვსაც). მაგრამ ადრე თამაში, რომელშიც ისაქმებდნენ, ტარდებოდა თვალთმაქცობის ყველა კანონის დაცვით, რომელშიც ბრიტანელები აღიარებული ჩემპიონები არიან.
მაგალითად, 1800 წლის 24 დეკემბერს პარიზში, სენ-ნიკეზის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ოპერაში მიმავალი ნაპოლეონი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ ცხენებს, როგორც ამბობდნენ, მთვრალი მეეტლე არანორმალური სიჩქარით მიაჭენებდა. 1801 წელს დიდი თამაში უფრო წარმატებით წარიმართა. მიხაილოვის ციხე-სიმაგრეში იმპერატორ პავლე I-ს სანქტ-პეტერბურგში ინგლისის ელჩის ლორდ უიტვორტის მონაწილეობით ორგანიზებული აპოპლექსია დაემართა. გამწარებული ბონაპარტი მთელი ხმით ყვიროდა: „ინგლისელებმა ამაცილეს პარიზში, მაგრამ ვერ ამაცილეს პეტერბურგში!“
ამის მიუხედავად, როგორც ეს გამოჩენილმა ისტორიკოსმა ტარლემ ჩამოაყალიბა, „ინგლისის მთავრობას სურდა საქმის მეტად დელიკატურად მოგვარება. ყველაზე კარგი იქნებოდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ყველაფრის ისე მოგვარება, როგორც 1801 წელს ინდოეთში მიმავალი პავლეს შემთხვევაში: ანუ შეძლებისდაგვარად საქმის ხელშეწყობა, შემდეგ კი კორექტულად სათანადო თანაგრძნობის გამოხატვა, როგორც თავის დროზე გამოხატეს თანაგრძნობა რუსეთის მეფის „აპოპლექსიური დარტყმის“ გამო.
ანუ ყველას ყველაფერი ესმის, მაგრამ ფორმალურად ინგლისელები თითქოს არაფერ შუაში არ არიან. რასაკვირველია, ყოველთვის არ შეიძლება სიმართლის დამალვა. 1853-1856 წლებში ყირიმის ომში დემოკრატიული თურქეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას ინგლისელები არა მხოლოდ სევასტოპოლთან იბრძოდნენ, არამედ კრონშტადტს, სოლოვეცკის კუნძულებსა და კამჩატკის პეტროპავლოვსკსაც შეუტიეს. თუმცა - წარუმატებლად. მაგალითად, პეტროპავლოვსკში განათლებული მეზღვაურები ინვალიდების გარნიზონმა გაანადგურა.
მაგრამ ის იყო ფორმებიანი ომი, რომელშიც მოწინააღმდეგის მიმართ დაშვებული იყო დივერსიების მოწყობა ყველგან. ახლა კი ბრიტანეთის პრემიერს სურს შეიარაღებული დივერსიების მოწყობა ომის გამოუცხადებლად. მაგრამ ნათელია, რომ მას უნდა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ჩაბმა პროცესებში და პასუხისმგებლობის გადანაწილება გერმანელებზე, იტალიელებზე და კოალიციის სხვა წევრებზე.
ყირიმის ომში ვიკონტი პალმერსტონი ავლენდა სარდლის გამორჩეულ აზარტს. დღეს ვიკონტი სუნაკი არანაკლებ აზარტულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე