პარამძლეოსნობა: დავით ქავთარაძემ დუბაის გრან-პრიზე ორი მედალი მოიპოვა

დუბაიში გამოსვლის წყალობით ქართველმა პარასპორტსმენმა პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ლიცენზია მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დუბაის გრან-პრიზე პარამძლეოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრმა დავით ქავთარაძემ ორი მედალი მოიპოვა.
Para Athletics World Series Grand Prix დუბაიში 26 თებერვიდან 1 მარტამდე იმართება. შეჯიბრებებში მსოფლიოს 61 ქვეყნიდან 545 სპორტსმენი მონაწილეობს.
ქართველმა სპორტსმენმა შუბის ტყორცნაში (32,42 მ) მეორე ადგილი დაიკავა. ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი უკრაინელმა ვლადისლავ ბილმა (40,82 მ) მოიპოვა.
დავით ქავთარაძემ სიგრძეში ხტომაში (5,37 მ) გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალიც მოუტანა. ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩინელმა პარამძლეოსნებმა, ზინგ ჰუანგჰაომ (6,37 მ) და ჟიუ დენინგმა (6,26 მ) გაინაწილეს.
დუბაიში გამოსვლის წყალობით ქართველმა პარასპორტსმენმა ორივე დისციპლინაში პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ლიცენზია მოიპოვა.