თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმა ტერორისტულ აქტად უნდა შეფასდეს, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„რაც უნდა მომხდარიყო „ჩრდილოეთის ნაკადებზე“, ეს ნამდვილად სკანდალურია. რადგან ეს, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე თავდასხმა ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან, მაგრამ მასზე თავდასხმა მოხდა“, — განაცხადა უნგრელმა მინისტრმა.
ამასთან სიიარტომ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს მომხდარის „ყოველმხრივ, ღრმა, სტრუქტურირებულ და დეტალურ გამოძიებას“, ვისი ინიცირებულიც არ უნდა იყოს ის.
უნგრელი დიპლომატის აზრით, „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ინციდენტის გამოძიების მექანიზმი გაერომ უნდა უზრუნველყოს და ამასთან მას შეუძლია გამოძიების პლატფორმაც გახდეს.
„გაერომ აქ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს. რადგან გაერო არის ერთგვარი უკანასკნელი ინსტანცია, სადაც ყველაა წარმოდგენილი და სადაც ნებისმიერი დისკუსია შეიძლება გაიმართოს. გაეროს ეგიდით მტრებსაც კი შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. მიმაჩნია, რომ გაერომ ნამდვილად უნდა შეასრულოს თავისი როლი, რადგან ამჟამად ასე არ არის“, — განაცხადა სიიარტომ.
რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე დივერსია 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა. გაზსადენებზე გაჟონვა ოთხ ადგილზე დაფიქსირდა. 2022 წლის ნოემბერში შვედმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული მილსადენების მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და „უცხო ობიექტების“ კვალი აღმოაჩინეს.
დასავლეთის ქვეყნებმა დივერსიაში რუსეთი დაადანაშაულეს „გაზის შანტაჟის“ მიზნით. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ავარიით შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იყვნენ დაინტერესებული. ამ დროისათვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული პასუხი კითხვაზე, ვინ დგას გაზსადენებზე დივერსიის უკან.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბალტიის ზღვაში გაზსადენები აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ბრძანებით ააფეთქეს, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მყვინთავებმა დაამონტაჟეს. თეთრმა სახლმაც და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყვეს ჰერშის ინფორმაცია.