თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გაეროს წარმომადგენლობის მიერ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეფასებას გადაჭარბებული უწოდა.
გაერომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. გაერომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.
„ეს იყო გადაჭარბებული შეფასება და გადაჭარბებული შიში იმის მიმართ რასაც ვაპირებთ. ერთ შემთხვევაში იყო ტყუილი და ეს არ შეეხება გაეროს იმ წარმომადგენელს, რომელმაც ეს ტექსტი შეადგინა. ტყუილია, რომ მათ აქვთ განცდა, რომ შესაძლებელია ამან შეუქმნას გარკვეული პრობლემები ურთიერთობებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
როგორ შეიძლება გამჭვირვალობის ლეგიტიმურმა მიზანმა რამე პრობლემა შექმნას, ამიტომ ეს შიშები გადაჭარბებულია, აღნიშნა მან.
პროექტი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული პოლიტიკური ძალა, რომელიც ანტიდასავლური პოზიციებითაა ცნობილი, დააფუძნეს დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია 2022 წლის აგვისტოში დატოვეს.
აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%–ის წყარო „უცხოური ძალაა“.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.