კომპანია „საირმის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს

„საირმის“ ქარხნის თანამშრომლებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის ხელფასის გაზრდა
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. მინერალური წყლის კომპანია „საირმის" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსის") ქარხნის თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათ პროცესში ჩართვას ითხოვენ.
„საირმის“ თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო პირობებსa და ხელფასების 30%-ით მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ქარხანაში არის ანტისანიტარია, გაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ არის გათბობა.
აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარე გიორგი დიასამიძის განცხადებით, თუ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩაერთვებიან, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და საირმე-აბასთუმნის მთავარ მაგისტრალს გადაკეტავენ. გაფიცულებმა ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა მისცეს.

„არ ვაპირებთ მუშაობის დაწყებას, სანამ თითოეული ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გვიწევდა მუშაობა ყინვაში, სიცივეში, ჩვენ თვითონ გვიწევდა დაზიანებული აპარატების გაკეთება. ჯერ არავინ გამოსულა კონტაქტზე", - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა.

გაფიცულებს დღეს სოლიდარობა სხვადასხვა საწარმოს, მათ შორის კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლებმაც გამოუცხადეს.
შპს „საირმე მინერალ ვოტერსი“ „საირმის“ ბრენდით აწარმოებს გაზიან მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს, ასევე არაგაზირებულ წყაროს წყალს „ნაკადულს“. კომპანიის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანიის პროდუქციის ექსპორტი 17 ქვეყანაში ხორციელდება.
„საირმის“ მინერალური წყლის პირველი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა.