თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ დანაშაული ჩაიდინა, განაცხადეს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში მისი ნათესავის, ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. მძარცველი ბანკში შენიღბული და შეიარაღებული შევიდა. გამოძიების მონაცემებით, ბოროტმოქმედმა მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი მიიღო და მიიმალა.
ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სახელმწიფო ბადრი ესებუას იმის გამო სჯის, რაც არ ჩაუდენია. მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, არ არსებობს.
„ერთადერთი მტკიცებულება ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ, დავუშვათ, ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ - მსგავსი რამ საქმეში არ არსებობს“, - აღნიშნა კობაიძემ.
ნიკა მემანიშვილის მტკიცებით კი, ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროდან სოციალურ ქსელში მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო გაათავისუფლეს. მისი დევნა კი იმის გამო დაიწყეს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა.
„რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლებოდა დაესაჯა სახელმწიფოს, ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მათ შორის, ბადრი ესებუასგან“, - განაცხადა მემანიშვილმა.
უფლებადამცველების განცხადებით, ბადრი ესებუას არ მიეცა ნაფიცი მსაჯულების არჩევის შესაძლებლობა და ეს კითხვის ნიშნებს ბადებს.
ბანკზე თავდასხმა
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.