თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. თბილისი და ბარსელონა შეიძლება პირდაპირი ავიარეისებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია VUELING-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას.
„VUELING-თან გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ბაზრით ძალიან არის დაინტერესებული იმ ფონზე, რომ ტურისტული ნაკადები საქართველოდან ესპანეთში და პირიქით, მზარდია. ამას ხელი შეუწყო ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებამ, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობს”, - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ივნისიდან ქუთაისის აეროპორტიდან მადრიდის მიმართულებით რეისები დაიწყება.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია VUELING 2004 წელს დაფუძნდა და რეისებისა და მიმართულებების რაოდენობით ესპანეთში სიდიდით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა. VUELING-ს ბაზები აქვს ბარსელონას, პარიზის (ორლი) და რომის (ფიუმიჩინო) აეროპორტებში.