უნგრეთში აღმოჩენილი რუსი ტურისტი, რომელსაც ხელზე საქართველო აქვს ამოტვიფრული

Sputnik
ამბობენ, ცხოვრება იმითაა მშვენიერი, რომ შეგიძლია იმოგზაურო. ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი ევროპაში მოგზაურობის ცოცხალ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. უნგრეთი - ნაწილი პირველი.
შევეცდები პირად მოსაზრებებზე აგებული ცოცხალი შთაბეჭდილებები გაგანდოთ. დავაკვირდი, რომ უცხო ქვეყანაში ქვეცნობიერად ყველგან საქართველოსა და ქართულთან პარალელებს ვეძებ ხოლმე…
მოგზაურობა უნგრეთიდან, კერძოდ ბუდაპეშტიდან დაიწყო. ქალაქის არქიტექტურულ-კულტურულ ღირსებებზე არ შევჩერდები, ამას უჩემოდ, წიგნებსა და გუგლის საძიებო სისტემიდანაც შეიტყობთ. პირადად ჩემთვის უცხო ქვეყანასთან ურთიერთობა და გაცნობა პირველ რიგში ადამიანებით იწყება.
ისტორიულად ჰუნების შთამომავლები, უნგრელები, სამხრეთელების მსგავსად თბილი და ყურადღებიანი ხალხია, იმდენად თბილები, რომ ქუჩაში გაჩერებული ნებისმიერი ადამიანი სანამ არ დარწმუნდება, რომ დაგაკვალიანა და მითითებული ადგილი მიგასწავლა, მართლა არ შეგეშვება. ასე რომ, აქ ჩასულს სადმე დაკარგვის შიში მალევე გიქარწყლდება. ბუდაპეშტის ქუჩაში ხალხის მასის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმისთვის, რომ შეამჩნიო, უნგრელი ქალები ულამაზესები არიან, ფერიებივით ლამაზები და ჩამოსხმულები.
ცნობილი ფაქტია, რომ ტრანსპორტი ამ ქალაქში ძვირი არ არის და ძირითადად მეტროთი სარგებლობენ. გულახდილად გეტყვით, თბილისური მეტროს შემხედვარე ყოველთვის შინაგან უხერხულობას ვგრძნობდი ტურისტების წინაშე, მაგრამ მერწმუნეთ, ბუდაპეშტის მეტროსთან შედარებით ჩვენი მეტროპოლიტენი ბევრად მიმზიდველად და კომფორტულად გამოიყურება (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წყალი და სარეცხი საშუალება მას კარგა ხანია არ შეხებია).
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბუდაპეშტის მეტროსადგურის ყვითელი ხაზი ყველაზე ძველია ევროპაში, ის 1896 წელს აშენდა და მას პირვანდელი იერი დღემდე აქვს შენარჩუნებული. იქ მყოფს თავი მუშტაიდის მსგავს საბავშვო გასართობი ქალაქის სათამაშო მატარებელში გეგონებათ. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში მეტროში ჩასვლას აქაც არავინ აკონტროლებს. თუმცა ამბობენ, რომ კონტროლიორს სადღაც, ოდესღაც მაინც გადაეყრებიო…
ბუდაპეშტის სასტუმროში შესვლისთანავე „რესეფშენში“ დაგვხვდა ჩვენი თანამემამულების მიერ დატოვებული „მემკვიდრეობის“ შედეგი — არაკეთილგონაწყობილი გარემო… სასტუმროს პერსონალის გამოხედვითაც კი ვიგრძენი, რომ „აქ ქართველს უკვე გაუვლია“… მინდოდა დამეწერა ცუდ ქართველს თქო, მაგრამ უცხოელებისთვის ხომ ეგ სულ ერთია, მათ თვალში ყველანი მაინც ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ… ასეთი „საერთაშორისო დანაშაულის“ გამო მე თუ მკითხავთ, (თავისებურად ჯარიმის სახით მაინც) პასუხიც უნდა ვაგებინოთ „ევროპის მასშტაბით“ ჩვენი თავის მომჭრელებს, გარწმუნებთ, ასეთები ცოტანი არ არინ…
ბუნებას ბუდაპეშტში პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული და სიმწვანე აქ თვალშისაცემია… თითქმის ყველგან ნახავთ ჩიტებისთვის საგანგებოდ გაკეთებულ ხეებზე მიმაგრებულ ფერად ბუდეებს და ძაღლის პატრონებს, რომლებიც ცელოფანის პარკში გახვეულ მათი ოთხფეხა მეგობრების ფეკალიებს უახლოეს ნაგვის ურნებამდე მოთმინებით რომ ატარებენ. ოდესმე მივალთ კი ამგვარ შეგნებამდე?…
მოგეხსენებათ, შთამბეჭდავია უნგრეთის პარლამენტის ისტორიული შენობა, (რომელზეც ამ ქვეყნის 88 მმართველის ქანდაკებაა) და საპატიო ყარაულის შეცვლის ტრადიციული სცენა, რასაც სამხედრო პირის ტურისტებისადმი მიმართული არაოფიციალური და ძალიან ადამიანური ტექსტი მოჰყვა:
— ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებათ უნგრეთის პარლამენტის საპატიო ყარაული, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ბედნიერ დღეს გისურვებთ… ახლა კი შეგიძლიათ ჩვენთან ერთად ფოტოების გადაღება.. — ეს გულწრფელი შემოთავაზება იქ მყოფთა ასევე გულწრფელ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ქართველებს პიარი არავისგან გვესწავლება, მაგრამ მსგავსი ბუნებრივი პასაჟი ჩვენთან რაღაც არსად მახსენდება… არადა, ეს ტურისტების თვალში საბოლოო ჯამში ქვეყნისადმი და ოფიციოზისადმი დამოკიდებულებასაც გარკვეულად აყალიბებს. უცებ ჩვენი პირქუში, მრავლის მნახველი მთავრობის სახლის შენობა გამახსენდა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო სასიამოვნო ასოციაციებს ალბათ არასოდეს გამოიწვევს და ამდენად იქ ვერც ასეთ მიმართვას წარმოვთქვამთ…
პარლამენტთან წყლის იმგვარად დამონტაჟებული შადრევანი და აუზია, რომ აქ ფოტოს გადაღების დროს წყალში ყოფნის ეფექტი იქმნება… დამეთანხმებით, წვრილმანია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ფოტოს გადაღების გარეშე ტურისტი შინ არ ბრუნდება…
უნგრელების სამზარეულო უპირატესობას ანიჭებს ღორის ხორცისგან დამზადებულ კერძებს და წითელ წიწაკას, რომელიც ამავე დროს ქალაქ ბუდაპეშტის სიმბოლოსაც წარმოადგენს. სერვისი გასაოცრად სწრაფი აქვთ, თბილისურ ზანტ სერვისს მიჩვეულებმა ავტომატურად ნახევარი საათი მარტო ყავის მოდუღებაზე გავთვალეთ, არადა, ბუდაპეშტის კაფეში სკამზე დაჯდომაც ვერ მოვასწარით, რომ ჩვენს მიერ ჰაერში ნასროლი „თუ კოფი“ ეგრევე „საქმედ“ აქციეს…
კარგად იცით, მოგზაურობა სასიამოვნო მოულოდნელობებსაც ითვალისწინებს, ამიტომ მას საბედნიეროდ ჩვენც ვერ ავცდით. ბუდაპეშტში, მარგარიტას კუნძულზე, მინი-ზოოპარკში, სადაც ფრინველები ჩვენს შორის დააბიჯებდნენ, დღეისთვის მოულოდნელ, ადამიანურ სცენას წავაწყდით. ეს გახლდათ მოსკოველი რუსი, რომელსაც ხელზე ქართული ასოებით „საქართველო“ ჰქონდა ამოსვირიგნებული…
ამ დროს უფრო აშკარად გრძნობ შენში მოჭარბებულ (თუმცა ან ეტაპზე ცოტა ნაადრევ) ნოსტალგიას და სიამაყეს შორს დარჩენილ ქვეყანაზე, რომლის სიყვარულმაც უცხო ქვეყნის ადამიანს ასეთი რამ ჩაადენინა… მე მაპატიეთ და, განა, რა მოგონებები უნდა გამყვეს რომელიმე ევროპული ქვეყნიდან, რომ ხელზე „უნგრეთი“ ან „ავსტრია“ ამოვისვირიგო?!…
უცნობმა გახარებულმა შესძახა: ქართველები ხართ, არა?— შორიდანვე გიცანით, აი, ხედავთ ამას?..- და ხელზე ამოსვირინგებული ნაცნობი სიტყვა გვიჩვენა. ორწუთიანი შეხვედრის დროს, მან არც ვინაობა და არც ამ ფაქტის რეალური მიზეზი არ გამიმხილა. მხოლოდ ორი რამ გამანდო: რომ იყო ილიკო სუხიშვილის ახლო მეგობარი და საქართველოს თითქმის ყოველ წელს სტუმრობს… ახლა რომ ვუფიქრდები, იქნებ, სწორედ მოიქცა, რომ ვინაობა არ გამიმხილა. ამით ის სიყვარული, რამაც ეს ჩაადენინა, ჩემს თვალში უფრო ნაღდი და ნამდვილი გამოჩნდა. ამიტომ მადლობა მას შორიდანაც, ასეთი სიყვარულისთვის…