თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული არ აძლევს მას მორალურ უფლებას, დაკავდეს აქტიური პოლიტიკური საქმიანობით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მერაბიშვილი, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ძველ გვარდიას წარმოადგენს, მხარს უჭერს პარტიის ახალ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, რომელიც 6 თებერვალს აირჩიეს. მერაბიშვილმა „ნაცმოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს აქტიურ მოქმედებას და შედეგებსაც მიაღწევს.
„მართალია, მან კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება, და ის დანაშაულები, რაც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
ამიტომ, პაპუაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მოხდეს დაკვირვება იმაზე, თუ რამდენად გაემიჯნებიან მას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
„შევხედოთ, რა მორალურ პრინციპებზე დგანან ის მხარდამჭერები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით. ვგულისხმობ მათ უცხოელ ლობისტებს და მხარდამჭერებს. ვიმეორებ, ერთია კანონის წინაშე ვალდებულების მოხდა და, დიახ, მან სასჯელი კანონის წინაშე მოიხადა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას იმ მორალური პასუხისმგებლობისგან, რომელიც აქვს დაზარალებულთა მიმართ“, – განაცხადა მან.
ვანო მერაბიშვილი არის ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორი და „ამას რაიმე დრამატიზება არ სჭირდება“, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„იმდენად დრამატულია თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელმაც 21-ე საუკუნეში შექმნა ადამიანის ჩაგვრის სისტემა, რომელიც იწყებოდა ადამიანის მორალური ტერორიდან და თვალთვალიდან, სრულდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის წამებით, ამ სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს ცდილობს, ფეხი მოიკიდოს პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მერაბიშვილი ციხეში მოხვდა 2013 წლის მაისში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.
ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა და გარკვეული პერიოდი უცხოეთში იმყოფებოდა. ამჟამად საქართველოშია.