ფასდაუდებელი ვიოლინოს თბილისურ-კრიმინალური ამბავი თვითმხილველისგან

Sputnik
საქართველოს სიმებიანი კვარტეტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში ერთადერთი და უნიკალური შემთხვევაა, როცა სიმებიანმა კვარტეტმა ერთი და იმავე შემადგენლობით ასე დიდხანს იარსება.
პირველი მევიოლინე, ბატონი კოტე ვარდელი კვარტეტის ამგვარ სიცოცხლისუნარიანობას თავისებურად ხსნის. ამასთან ერთად ის ცნობილი იტალიელი ოსტატის ჯუზეპე გვარნერის მიერ დამზადებული, ფასდაუდებელი ვიოლინოს თბილისურ-მოსკოვურ-კრიმინალურ თავგადასავალსაც იხსენებს, რომელსაც 90-იან წლებში ჰქონდა ადგილი.
– ბატონო კოტე, რას ნიშნავს თქვენთვის კვარტეტის არსებობის 50 წელი, თუ არ ვცდები, ამ ფაქტის გამო ის ლამის გინესის რეკორდების წიგნში შესატანი გახდა?
— ეს 50 წელი, პირველ რიგში, ძალიან რთული ცხოვრებაა. კვარტეტი ისეთი ჟანრია, თუ ერთმანეთს არ შეხვდა ოთხი კარგი მეგობარი, ოთხი, კარგი გაგებით, „გიჟი“, არაფერი გამოვა. ჩვენ შემთხვევაში სწორედ ასეა. ძალიან ბევრი კვარტეტია, რომლის წევრებსაც, სამწუხაროდ, ცუდი ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, გასტროლებზე სხვადასხვა თვითმფრინავებითაც კი დაფრინავენ. ჩვენ ასეთი რამ არასდროს გაგვიკეთებია და ცხოვრება ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში გავატარეთ.
– თუ შეიძლება გაიხსენეთ, რა იყო 50 წლის წინ? როგორ მოძებნეთ ოთხმა მუსიკოსმა მეგობარმა, ანუ, როგორც თქვენ ახსენეთ, ოთხმა შემოქმედებითმა „გიჟმა“ ერთმანეთი?
— ჩვენამდე არსებობდა კვარტეტი, სადაც უკრავდნენ ბორის ჭიაურელი, გივი ხატიაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი და გიორგი ბარნაბიშვილი. ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელმა შეგვკრიბა მაშინ, როცა ის ძველი კვარტეტი დაიშალა. შეგახსენებთ, ჩვენი კვარტეტის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიოლინო – კონსტანტინე ვარდელი, მეორე ვიოლინო – თამაზ ბათიაშვილი, ალტი – ნოდარ ჟვანია და ჩელო – ოთარ ჩუბინიშვილი. სულხან ცინცაძემ დაწერა არაჩვეულებრივი მეექვსე კვარტეტი, რაც ვისწავლეთ, და ეს ჩვენი პირველი შესრულება იყო. გასტროლებით ხშირად დავდიოდით. ბევრი კონცერტით ვიყავით შვედეთში, სადაც ჩაწერებიც გვქონდა. ხშირად ვიყავით გერმანიაში, სადაც ისეთი კარგი მსმენელია, რომ მეტი არ შეიძლება. გერმანია ცნობილია უზარმაზარი დარბაზებით, კარგი აკუსტიკით და ძალიან მცოდნე მსმენელით, რომელიც კონცერტებზე პარტიტურებით დადის. ძალიან საინტერესო იყო ფინეთში, ცნობილი ქალაქ უხმოს ფესტივალი, სადაც ხშირად ვიღებდით მონაწილეობას.
– ბატონო კოტე, გამორჩეულად რაიმე ფაქტი ხომ არ გახსენდებათ?
— ერთხელ, სწორედ უხმოს ფესტივალზე ყოფნის დროს მოცარტის კვარტეტი დილის ხუთ საათზე შევასრულეთ. იქ ასე უნდოდათ, რომ მოცარტი სწორედ გათენების დროს დაგვეკრა. თანაც ეს მოხდა არა ბუნებაში, არამედ დიდ დარბაზში, სადაც ხალხი მზის ამოსვლას ელოდებოდა. ეს ჩვენთვის ძნელი იყო, რადგან დილაა და ადამიანს გეძინება, ამიტომ, რომ გამოვფხიზლებულიყავით, ყავას ვსვამდით. გულახდილად გეტყვით, ჩვენი იმ გამოსვლით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ ასეთი ფაქტი მოხდა.
– ამ 50 წლის მანძილზე არ გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ თქვენი კვარტეტისთვის რაიმე სახელი შეგერჩიათ?
— არა, აქამდე ასე ვართ, უბრალოდ კვარტეტი. შინაურები გვეძახდნენ ასე — „ბიჭები“…
– და „ბიჭები“ რეპეტიციებზე სად იკრიბებით ხოლმე?
— რეპეტიციის პრობლემა ჩვენთვის არ არის, რადგან ჩვენი კლასი გვაქვს კონსერვატორიაში, სადაც ვმეცადინეობთ. მალე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გვაქვს და ახლა სწორედ რეპეტიციაზე მივდივარ.
– თქვენ უკრავთ მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირადღირებულ ვიოლინოზე, რომელიც იტალიელი ოსტატის ჯუზეპე გვარნერის მიერაა დამზადებული, ამ ვიოლინოსთან დაკავშირებულმა კრიმინალურმა ამბავმა 90-იან წლებში მთელი მუსიკალური სამყარო ააფორიაქა.
— დიახ, ასეა. ჯერ იმას გეტყვით, რომ გვარნერის მიერ დამზადებულ ვიოლინოზე ნიკოლო პაგანინი და სხვა ცნობილი მუსიკოსები უკრავდნენ. ეს ინსტრუმენტი სახელმწიფოს საკუთრებაა და მსოფლიოში სულ 140 არსებობს. ამბავი კი ასე მოხდა: 90-იანი წლები იყო და ჩაწერა გვქონდა პლეხანოვზე არსებულ დარბაზში, სადაც არც სინათლე იყო და არც გათბობა. მახსოვს, ფირმა „სონის“ დავალებით გია ყანჩელის კვარტეტს ვწერდით. ჩაწერის მერე ზემოთ, სტუდიაში ავედით, რომ ჩაწერილი მასალა მოგვესმინა. ჩემი მეგობრები ზემოთ დარჩნენ, მე კი ჩამოვედი დარბაზში, სადაც სამი უცნობი დამხვდა.
– ნიღბებით იყვნენ?
— არა, ნიღბები არ ეკეთათ, პირიქით, კარგად ჩაცმული მამაკაცები იყვნენ. ერთ მათგანს რევოლვერი ჰქონდა. მიბრძანეს, რომ ინსტრუმენტი მიმეცა, მე არაფრით არ ვაძლევდი და ცემა დამიწყეს, გამეტებით მირტყეს თავში, საიდანაც სისხლი წამომივიდა. მე გამწარებული ვყვიროდი, მაგას მაინც ვერ გაყიდით–მეთქი. მოკლედ, ვიოლინო მაინც გაიტაცეს. ეს იყო ჩემთვის საშინელი ტრავმა, არა მარტო ფიზიკური… მერე მოვიდა პოლიცია, ქვეყნის საზღვრებიც გადაკეტეს, მაგრამ გამტაცებლებმა მაინც მოახერხეს და ეს უნიკალური ვიოლინო მოსკოვში გადაიტანეს. ორი წელი ინსტრუმენტის გარეშე და საშინელ ხასიათზე ვიყავი.
– საქართველოში როგორ და როდის დააბრუნეს გვარნერის ვიოლინო?
— ამ ამბიდან ორი წლის მერე ეს ვიოლინო ერთ გოგოსთან იპოვეს. მისი მამა შეესწრო, როგორ ურეკავდნენ გოგოს ბიჭები საქართველოდან და აჩქარებდნენ, რომ ვიოლინო გაეყიდა. მამამისმა ეს საუბარი მეორე ტელეფონით მოისმინა და მაშინვე კგბ-ში დარეკა. ოღონდ ითხოვა, ჩემს გოგოს ხელი არ ახლოთ და გეტყვით როდის და სად ხვდებიან მყიდველსო. ამის მერე ის ადამიანი დაიჭირეს. ასე დააბრუნეს საქართველოში ვიოლინო, რომელიც, მართალია, ცოტა ცუდ დღეში იყო — ყუთის გარეშე, ნაჭერში გადახვეული. ინგლისში წავედით დიდ ხელოსანთან, რომელმაც ის პატარა ხარვეზები გაასწორა. ახლა ინსტრუმენტი მწყობრშია და დღეს ისევ მასზე ვუკრავ.
– მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ, რომ თქვენი კვარტეტი კიდევ ბევრი წელი იყოს სცენაზე და გვარნერის ვიოლინოზე კიდევ ბევრი წელი დაგეკრათ…