თუ გახსოვთ, სახლში რემონტი ბოლოს როდის გააკეთეთ და რაც მთავარია, როგორი ხელოსანი შეგხვდათ?
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენებური ტაქსის მძღოლების მსგავსად მასაც ორი დიპლომი ექნებოდა, ერთი კვირის საქმეს მთელი თვე გაჭიმავდა და „ყველაფერჩიკობასაც“ დაიჩემებდა, ანუ განაცხადებდა, რომ ყველაფრის კეთებაშია მაგარი! ისიც არ დამავიწყდეს, რომ იმ ხელოსანს, ვინც მანამდე გაგიკეთათ რემონტი, ალბათ, დღეში ხუთჯერ მაინც შეუთვლიდა ,,ხუთსართულიანს“ და საამისო არგუმენტებიც არ „შემოაკლდებოდა“.
საინტერესო და ტრადიციული კითხვაა: რატომ თაკილობენ ქართველები სერვისის სფეროში მუშაობას და თუ,,კადრულობენ“, კეთილსინდისიერად რატომ არ ასრულებენ თავის სამუშაოს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ მათ ინტერესებშიცაა?
თბილისი, მოგეხსენებათ, პატარა ქალაქია და კარგი ხელოსნის სტატუსით გაწეული რეკომენდაცია ჩვენთან მართლა ჭრის ხოლმე!.. მაგრამ აქ გაორმაგებულ ფსიქოტიპსა და სტანდარტებთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ოჯახში ფულია სჭირო, მეორე მხრივ, შრომა ან ეზარებათ, ან ასეთი საქმის კეთება „უტყდებათ“. ხოლო რამდენად პროფესიონალები არიან, ეს ხომ მეორეხარისხოვანია?!
ეს ორმაგი სტანდარტები იმ გაყინული ეპოქიდანაც მოგვყვება, როცა ქართველისთვის აუცილებელი და სავალდებულოც კი იყო უმაღლესი განათლება და მერე, სხვა,,პატარა საქმის“ წამოწყება. გაიხსენეთ, როგორ უკვირდათ ჩვენში როცა იგებდნენ, რომ უცხოელი სტუდენტები სწავლის პარალელურად კაფეებსა და სასტუმროებშიც მუშაობდნენ?!.. თუმცა ახალმა დრომ ეს სტერეოტიპი, მადლობა ღმერთს, დაამსხვრია და დღეს ქართველი სტუდენტები უკვე სერვისის სფეროში აქტიურად არიან დასაქმებული.
თუმცა, ეს სხვა თემაა და მოდი, ისევ ელიავას ბაზრობაზე „დავბრუნდეთ“, სადაც ჩვენს მიერ აყვანილი მუშა პირდაპირ წინასწარ გარიგებულ თავის ნაცნობ მაღაზიაში მიგვაქანებს, რათა „ხარისხიანი, არა-ჩინური საქონელი“ აგვაღებინოს,,ობტავოი“ ფასში… არფერს ვამბობ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი დიასახლისებს მუშაობის დროს კვების რაციონსაც განსაკუთრებული სიფრთხილითა და გემოვნებით აწერინებენ ხოლმე, თუნდაც „კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემის საბაბით“…
წესით ხელოსნის „პროფესიონალიზმში“ ეჭვის საფუძველი მაშინ უნდა გაგვიჩნდეს, როცა ის სრული დამაჯერებლობით გვიცხადებს, რომ ყველაფერს მარტო, სწრაფად და თანაც, „საშვილიშვილოდ“ გაგვიკეთებს! დრო იყო, ამ სფეროში კადრების დამზადებისთვის ე.წ. პროფსასწავლებლები არსებობდა, სადაც საჯარო სკოლების მერვე კლასიდან მხოლოდ უდისციპლინო მოსწავლეებს აგზავნიდნენ. არადა, იდეა, რომ ადამიანმა რაიმე კონკრეტული პრაქტიკული ხელობა აითვისოს, თავისთავად გამართლებულია, ამიტომ გაჩნდა დღევანდელ საქართველოში პროფსასწავლებლების რეაბილიტაციის იდეა, მაგრამ ჯერჯერობით სანამ იქ მომზადებული კადრები მასობრივად შეესევიან ჩვენს სახლებსა და მშენებლობებს, ისევ ჩვენი ორდიპლომიანი,,მასტერების“ იმედზე ვრჩებით.
არადა, სასურველი სასიძოს განსაზღვრის ერთ-ერთი კრიტერიუმი ქართველი სიდედრისთვის ისიცაა, რომ „კაცმა ონკანის გამოცვლა თუ ვერა, ლურსმნის მიჭედება მაინც უნდა შეძლოს“.
დღეს საქართველოში ახალი მშენებლობებისა და სამშენებლო კომპანიების ბუმია, მაგრამ ვინ არიან დასაქმებული ამ მშენებლობებზე? ისევ ჩვენი სისხლის გამშრობი,,ყველაფერჩიკები“, ანუ ძირითადად სამსახურის გარეშე დარჩენილი ხალხი, რომელსაც მართალია, ეს ხელობა არსად აქვს შესწავლილი, მაგრამ სამაგიეროდ თანახმაა, რომ დაბალ ანაზღაურებაზე იმუშაოს. ისე არ გამიგოთ, თითქოს ეს საყვედურები და კრიტიკა ყველაზე ვრცელდება, არიან მათში მოწესრიგებული, თავისი საქმის მცოდნე, სიტყვის შემსრულებელი მუშა-ხელოსნებიც… ალაგ-ალაგ, მაგრამ ხომ მაინც არიან?!.
ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და იმედია, ეს დრო საქართველოსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც დაუდგება, ოღონდ, სასურველია, ცოტა მალე… და მაშინ კი ერთი კინოფილმიდან ამ მასალის სათაურში ჩემს მიერ გამოტანილი ფრაზა სხვა ღირსებითა და ინტონაციით გაიჟღერებს: ვაა, მალიარი ხარ, ბიჭოო?!