მიმოხილვა: სანქციების მეათე პაკეტი - დასავლეთის ეკონომიკური მარცხის დემონსტრაცია

Sputnik
ვადიმ ავლოვი
ევროპული დიპლომატიის თავკაცის ჟოზეპ ბორელის თქმით, 24 თებერვალს ამოქმედდება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები.
რუსეთში ირწმუნებიან, რომ სანქციებმა დასავლეთის მოლოდინი არ გაამართლა. რის ხარჯზე ინარჩუნებს მდგრადობას რუსეთის ეკონომიკა უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, გაეცანით ვადიმ პავლოვის მასალაში.

ალმასებისა და ბირთვული თანამშრომლობის ნაცვლად - საყოფაცხოვრებო ტექნიკა

რუსეთის მიმართ სანქციები პრაქტიკულად მთელი მისი ისტორიის განმავლობაში გამოიყენებოდა - შუა საუკუნეებიდან დაწყებული თანამედროვე რუსეთით დამთავრებული.
რუსეთთან ყირიმის მიერთებისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა მუდმივი ხასიათი შეიძინა.
რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ კი გასული წლის თებერვალში დასავლეთში გაჩნდა რუსეთის მიმართ სანქციების პირველი პაკეტი. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე ზეწოლა საგრძნობლად გაძლიერდა.
2022 წლის მარტისთვის რუსეთის მიმართ რამდენიმე კვირაში 5,5 ათასი შეზღუდვა დაწესდა, მაშინ, როცა ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მყოფი ირანის მიმართ მხოლოდ 3,6 ათასი მოქმედებს (40 წლის განმავლობაში).
ამჟამად რუსეთის საწინააღმდეგო შეზღუდვების ცხრა პაკეტი მოქმედებს. ბოლო, მეათე პაკეტში შეიძლება მოხვდეს შეზღუდვები რუსეთში 11 მილიარდი ევროს ღირებულების სამრეწველო და მაღალტექნოლოგიური საქონლის გაყიდვაზე.
მაგალითად, საუბარია საავიაციო ძრავებსა და მათ კომპონენტებზე, ელექტრონულ კომპონენტებზე, რომელთა „გამოყენებაც შეიძლება რუსეთის შეიარაღების სისტემებში, მათ შორის, რაკეტების, უპილოტოებისა და ვერტმფრენების დასამზადებლად“.
შესაძლო შეზღუდვებს შორისაა რამდენიმე კომერციული ბანკის – „ალფა-ბანკის“, „როსბანკისა“ და „ტინკოფის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა. ამასთან, არ არის გამორიცხული შეზღუდვების დაწესება რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდისთვის.
აღნიშნული ფონდის ახალი სტრუქტურის თანახმად, ფონდი ივსება ჩინური იუანისა და ოქროს აქტივებით, რასაც დასავლური შეზღუდვები ხელს ვერ შეუშლის.
გამოცემა Euobserver-მა ამას წინათ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს რუსეთში უნიტაზების, ბიდეების, წყლის ავზების და მსგავსი საქონლის გაყიდვაზე, ასევე საპროტესტო გამოსვლების დასაშოშმინებლად გამოსაყენებელ ტექნიკაზე.
თუმცა რუსეთისთვის ასეთი ტექნიკის მიწოდება ევროკავშირში ჯერ კიდევ 2014 წლიდანაა აკრძალული.
The Wall Street Journal-ის მონაცემებით, სანქციების ახალი პაკეტი დიდწილად გამიზნული იქნება იმ ხვრელების ამოსავსებად, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დასავლეთმა რუსეთზე ზეწოლა შეიძლება განახორციელოს ბირთვულ სფეროში მასთან თანამშრომლობის შეზღუდვის გზით, ასევე რუსული ალმასების იმპორტის აკრძალვით.
თუმცა ბირთვული თანამშრომლობის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიან საფრანგეთი და უნგრეთი, ხოლო ალმასების ისტორიული ბიზნესის დაკარგვა არ სურს ბელგიას.

თქვენი მოლოდინები თქვენივე პრობლემაა

„ვერ მოვისვენებთ, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა არ დაინგრევა“, – განაცხადა გასული წლის თებერვლის ბოლოს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
„ჩვენ რუსეთის ეკონომიკას დარტყმა მივაყენეთ შიგ გულში. ახლო მომავალში რუსეთის მშპ ორჯერ შემცირდება. რუსეთის ეკონომიკა ერთ-ერთი უმსხვილესი იყო, მაგრამ მალე ის მსოფლიოს ეკონომიკების ოცეულშიც ვეღარ შევა. რუსები მოწყვეტილი არიან თანამედროვე სამყაროსგან. თქვენ XXI საუკუნის ქვეყანა იყავით, ახლა კი XIX საუკუნის ქვეყანა ხართ“, – ამბობდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთი წლის წინ.
„რუსეთის მშპ 2022 წელს 8,5%, 11%, 30% ან 100%-ით შემცირდება“, – ვარაუდობდნენ მარტი-აპრილის თვეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, IIF-ის მთავარი ეკონომისტი რობინ ბრუქსი და ჯო ბაიდენი.
როგორ იცვლებოდა რუსეთის ეკონომიკის განვითარების პროგნოზები
უმუშევრობა ბოლო 10 წელიწადში პირველად ასცდება 9%-ს, ამბობდა აპრილში Bloomberg. ინფლაცია რუსეთში 20%-ს გადააჭარბებს, ინვესტიციები 20%-ით შემცირდება, სახელმწიფო დეფოლტი კი დროის საკითხია, ირწმუნებოდნენ მაისში ევროკომისიის წარმომადგენლები.

რა ასრულდა დანაპირებიდან?

რუსეთის მშპ, „როსსტატის“ მონაცემების თანახმად, შარშან 2,1%-ით შემცირდა. მსგავსი შეფასებები აქვს სსფ-ს – 2,2%.
მათივე ბოლო პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა წელს 0,3%-ით გაიზრდება. 2024 წელს კი – 2,1%-ით.
წლის ბოლოს რუსეთში უმუშევრობამ 3,7% შეადგინა, ინფლაციამ – 11,94%, ინვესტიციების მოცულობა ვარდნის ნაცვლად 6%-ით გაიზარდა, რუბლის საშუალო წლიურმა კურსმა 67,46 რუბლი შეადგინა, ნავთობისა და გაზის სფეროდან შემოსავლები 28%-ით გაიზარდა, დეფოლტი კი არა და არ დადგა.
2022 წლის შემაჯამებელი მონაცემების თანახმად, რუსეთიდან ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8,5% წავიდა.
თუმცა არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დასავლეთის ზეწოლას ნეგატიური ეფექტი არ მოჰყოლია.
შეზღუდვებით მიყენებული დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო – მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ შეჯახებია ამდენ სანქციას ერთბაშად. უბრალოდ დასავლეთის ქვეყნებს იმაზე ძლიერი ეგონათ თავი, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა.

როგორ გაუძლო რუსეთმა სანქციებს?

თავდაპირველად – პირველი პაკეტების დაწესების შემდეგ რუსეთის საზოგადოებამ, ბიზნესმა და ბანკებმა დასავლეთის მუქარა საკმაოდ მწვავედ აღიქვეს.
რუბლის მკვეთრი ვარდნა, რუსული ოქროს სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილის „გაყინვა“, ჩვეული ექსპორტ-იმპორტის არხების დახურვა, საფინანსო-საბანკო სისტემის პრობლემები, მოსახლეობის პანიკა და სხვ.
თუმცა ეკონომიკა უფრო მდგრადი გამოდგა, ვიდრე ბევრი ვარაუდობდა. რუსეთისა და დასავლეთის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისგან მიღებული შოკი თავდაპირველ პროგნოზებზე გაცილებით რბილი აღმოჩნდა, აღნიშნა Sputnik-თან საუბრისას ანალიტიკოსმა ოლგა ბელენკაიამ.
მისი თქმით, ეკონომიკის მდგრადობას ხელი შეუწყო ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ფინანსური კრიზისის დროული და ეფექტური კუპირება ცენტრალური ბანკის მხრიდან, ნავთობის ექსპორტის მოცულობის შენარჩუნება, საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდა, დაკრედიტების საშეღავათო პროგრამები.
კომპანია Finbridge-ის საინვესტიციო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლეონიდ კორნილოვის აზრით, რუსეთის მთავრობამ ახალი სანქციების შემოღებამდე მიიღო გარკვეული ზომები, რომლებმაც გარკვეულწილად შეარბილა დარტყმა.
„მათ შორისაა ნაციონალური საგადახდო სისტემის შექმნა, რომელმაც რუბლის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების შესაძლებლობა შექმნა“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ექსპერტი ნიკოლაი კონდრაშოვი იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ უპრეცედენტო სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის ძლიერ სახიფათო არ აღმოჩნდა, დასავლეთის ქვეყნებზე დამოკიდებულება – არც ისე ძლიერი.
ანალიტიკოსების ეკონომიკური შეფასებები და პროგნოზები მიმართულია მასობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისკენ, რომელიც ემოციურ დონეზე შეგუებულია არსებულ წესრიგთან, აღნიშნა ანალიტიკოსმა ალექსანდრ ილინსკიმ.
„ხოლო წესებიდან ნებისმიერი გადახვევა საზოგადოებისთვის მიუღებელი და ძნელად აღსაქმელია. დამრღვევი მკაცრად უნდა დაისაჯოს. ამიტომ ანალიტიკოსებმა გამოიყენეს ყველაზე შემზარავი სცენარები რუსეთის ეკონომიკის მომავლის აღსაწერად – საფინანსო და საგადახდო სისტემების ჩამოშლა, საბანკო სისტემის რღვევა, მასობრივი უმუშევრობა...“ – განმარტა ექსპერტმა.

ხელისუფლების გონივრული რეაქცია

თებერვალ-მარტში ანომალიურად მკაცრ პირობებში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სასწრაფო ზომები მიიღო, რომლებმაც სწრაფად და ეფექტურად ჩააქრო საფინანსო და საბანკო პანიკა, ამბობს ოლგა ბელენკაია.
„შემდეგ კი, როგორც კი ინფლაციის რისკი შემცირდა, რუსეთის ბანკი საკვანძო განაკვეთის სწრაფ შემცირებაზე გადავიდა, რათა შეერბილებინა ეკონომიკის ვარდნა და თავიდან აეცილებინა დაკრედიტების შემცირება“, – აღნიშნავს ექსპერტი.
ნიკოლაი კონდრაშოვის სიტყვებით, ცენტრალური ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამ ხელი შეუწყო სამომხმარებლო ფასების ზრდის შენელებას.
როგორც ალექსანდრ ილინსკი აღნიშნავს, რუსეთის ცენტრალური ბანკის ნაბიჯებმა არნახული საკრედიტო იმპულსი შესძინა რუსეთის ეკონომიკას. რუბლის კორპორაციული კრედიტები ერთ წელიწადში რეკორდული 24%-ით გაიზარდა.
ამასთან ერთად, ცენტრალურმა ბანკმა შეინარჩუნა საბანკო სისტემის შემოსავალი, ხოლო რუსეთის საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაში 21,5%-ით შემცირდა.
ექსპერტ დენის პერეპელიცას თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის შეთანხმებული მოქმედების შედეგად რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნა, უზრუნველყო ქვეყანაში სამომხმარებლო საქონლის ნაკადი პარალელური იმპორტის ხარჯზე, ექსპორტი აზიის ქვეყნებისკენ გადაიტანა და სხვ.
შედარებითი მდგრადობა გამოვლინდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ნავთობის მოპოვება, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, კვებითი მრეწველობა, თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მუშაობა.
დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და ზოგიერთი სხვა აზიური და ახლოაღმოსავლური ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს.

მეგობრული ქვეყნების მნიშვნელობა

ბევრმა ქვეყანამ რუსეთთან თანამშრომლობა და ვაჭრობა გაზარდა.
მაგალითად, 2022 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის მესამედით გაიზარდა – $146,9 მლრდ-დან $190 მლრდ-მდე.
შარშან რეკორდი დამყარდა არა მხოლოდ ჩინეთთან ვაჭრობაში, არამედ თურქეთთან ($60 მლრდ), ბელარუსთან ($50 მლრდ), ინდოეთთან ($30 მლრდ), ბრაზილიასთან ($8 მლრდ), არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ($9) და სხვებთან.
2022 წლის ბოლოს რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებს, ასევე საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 13%-ით გაიზარდა და $110 მლრდ შეადგინა.
რუსეთის პარტნიორებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში – სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა (ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსის მფლობელი) საგრძნობლად გაზარდეს არა მხოლოდ რუსეთიდან იმპორტი, არამედ რუსეთში ექსპორტიც.
„უპრეცედენტო სანქციების პირობებში ყურადღება გამახვილდა საგარეო სავაჭრო ოპერაციების ორიენტირის შეცვლაზე „დიდი შვიდიანის“ ქვეყნებიდან ჩინეთისკენ, ინდოეთისა და თურქეთისკენ, – ამბობს ალექსანდრ ილინსკი. – 2022 წელს ნედლი ნავთობის ძირითადი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნების ნაცვლად აზიისკენ გაიგზავნა და წლის ბოლოს დღეში 2,2 მლნ ბარელი შეადგინა“.
აზიის მიმართულებით ვაჭრობის განვითარების გათვალისწინებით, ექსპერტის აზრით, რუსეთი უარეს შემთხვევაში ექსპორტის არაუმეტეს მეოთხედს დაკარგავს.

რუსეთის ეკონომიკის მომავალი

რუსეთის ეკონომიკის მომავალი განისაზღვრება მსოფლიო ეკონომიკის მომავალი მდგომარეობით, გეოპოლიტიკური პირობების გავლენით, ახალ მსოფლიო გამოწვევებთან რუსეთის ეკონომიკის ადაპტაციის ტემპით, შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებით და რისკებსა და საფრთხეებზე თანმიმდევრული პასუხით, ფიქრობს ალექსანდრე ილინსკი.
ცენტრალური ბანკის განახლებული პროგნოზი თითქმის ემთხვევა სსფ-ის მოლოდინს – მინუს 1%-დან პლუს 1%-მდე.
Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები პროგნოზირებენ ასევე რუსეთში 2023 წელს ინფლაციის დონის 6-7%-მდე შემცირებას. რუსეთის ბანკი, თავის მხრივ, წლევანდელ 5-7%-ზე საუბრობს და მომავალ წელს 4%-ს ელის.
რუსული ვალუტის საშუალო წლიური კურსი $1-თან მიმართებით 70-73 რუბლი იქნება. ახლა ეკონომიკას სამომხმარებლო მოთხოვნის გააქტიურება სჭირდება, ფიქრობს ლეონიდ კორნილოვი.
ინვესტიციების გარეშე ეკონომიკის გადასვლა ახალ სტრუქტურაზე შეუძლებელია, ფიქრობს ექსპერტი. განსაკუთრებით სჭირდება ფული მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც რუსეთის ეკონომიკაში საკვანძო როლს შეასრულებს. ექსპერტის აზრით, მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფომ შეამციროს საგადასახადო და ადმინისტრაციული ტვირთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
დასავლური სანქციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე რჩება მაღალი ტექნოლოგიების სექტორი, აღნიშნავს მიხეილ ზელცერი.
„სამწუხაროდ, როდესაც რუსეთის ეკონომიკა ვარდნას შეწყვეტს და ზრდას დაიწყებს, მოწინავე იმპორტულ მოწყობილობასა და ტექნოლოგიებთან წვდომის სირთულე გრძელვადიან შემაკავებელ გავლენას იქონიებს ეკონომიკის პოტენციალზე“, – აღნიშნავს ოლგა ბელენკაია და დასძენს, რომ ეკონომიკის სტრუქტურული ადაპტაცია გაგრძელდება.
დენის პერეპელიცას აზრით, ეკონომიკის მხარდამჭერი ზომების უმეტესობამ გაამართლა, თუმცა რუსეთის ეკონომიკის შემდგომი მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი დივერსიფიკაცია. ესე იგი, საჭიროა ახალი წარმოების გახსნა, საინვესტიციო პროცესის დაწყება.
თუ რუსეთი ახალ რეალობას მოერგება და დაიწყებს ეკონომიკის აქტიურ დივერსიფიკაციას, მაშინ არსებობს 2025-27 წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, აღნიშნავს ექსპერტი.
„ჯერჯერობით ტრანსფორმაციული პროცესები თანმიმდევრულად მიმდინარეობს, მაგრამ კვლავაც არასაკმარისი მასშტაბით. საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსები, რომელთა მიღებაც შეიძლება დეოფშორიზაციის გზით, მსხვილი საწარმოების ნაციონალიზაციისა და ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზით“, – ამბობს ექსპერტი.