თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ამერიკელი მერი მარტინი ოჯახმა საგანგებოდ დამზადებული კუბოთი დამარხა, რომელსაც M&M's-ის თოჯინის ფორმა ჰქონდა, იუწყება Esquire.
გამოცემის ცნობით, მარტინმა თავად დაიბარა ანდერძად ამგვარი კუბოთი დაკრძალვა.
საქმე ისაა, რომ მერი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად და მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები გამუდმებით ჩუქნიდნენ მას M&M's-ის თოჯინებსა და კანფეტებს, რომლებიც მას ძალიან უყვარდა.
რამდენიმე წლის წინ მერი მარტინმა გადაწყვიტა უკანასკნელი განსასვენებლისთვის სწორედ ამ კანფეტის ფორმა მიეცა. მისი შვილიშვილის სკოტ რაუნდტრის თქმით, ბებიამ თავად დააპროექტა კუბო და სიცოცხლეშივე დაამზადებინა იგი. გარდაცვალებამდე მერი მას თავის სახლში ინახავდა.
„ბებო, შეგიძლია მშვიდად განისვენო. მიყვარხარ. მართალი იყავი, შენი კუბო ყველას მოგვეწონა“, — დაწერა „ტიკ-ტოკზე“ სკოტმა.
როგორც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, მერის ოჯახის წევრებიც M&M's-ის მაისურებსა და კეპებში იყვნენ გამოწყობილი, ხოლო კუბო ცხრა წითელი ვარდითა და ორი კეპით (ერთი წითელი, მეორე მწვანე) იყო შემკული. გარდა ამისა, მასზე ასევე „ეყარა“ კანფეტის ბურთულები, რომელთაგან თითოეულზე მერი მარტინის ყველა შვილის, შვილიშვილისა და მეგობრების სახელები იყო ამოტვიფრული.