UFC: მერაბ დვალიშვილი 11 მარტს პიოტრ იანს დაუპირისპირდება

32 წლის ქართველმა სპორტსმენმა ბოლო რვა ორთაბრძოლა მოიგო.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება.
ქართველი და რუსი სპორტსმენების შერკინება UFC Fight Night 221-ის ტურნირის მთავარი ბრძოლა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში 11 მარტს გაიმართება.
30 წლის რუსმა მებრძოლმა, რომლის ანგარიშზეც 16 მოგება და 4 წაგებაა, ბოლო ოთხი ბრძოლიდან სამი წააგო. 32 წლის ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა (15-4) კი ბოლო რვა ორთაბრძოლა მოიგო.
2022 წლის აგვისტოში დვალიშვილმა (იგივე The Machine) ლეგენდარული მებრძოლი, ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა. ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება სოლტ-ლეიკ-სიტიში UFC 278-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.